ას ერგასის დღე წიგნი III Quotes

Rate this book
Clear rating
ას ერგასის დღე წიგნი III ას ერგასის დღე წიგნი III by მიხეილ კვესელავა
8 ratings, 4.62 average rating, 0 reviews
ას ერგასის დღე წიგნი III Quotes Showing 1-7 of 7
“მართალია, ყველა პოეტი ცდილობს, თავისი ქვეყნის ცა რაღაც განსაკუთრებულად წარმოიდგინოს, მაგრამ, როგორც ჩანს, მთელ ჩვენს პლანეტას ერთნაირი ცა ჰხურავს, შესაძლოა, ზოგან უფრო ლურჯი, ზოგან - ლაჟვარდოვანი, მაგრამ მაინც ერთნაირად ღრუბლიანი ან უღრუბლო. წარმოიდგინეთ, რომ მზეც საერთოა ყველასთვის. გერმანელები კი ამბობენ, "გერმანული ცა" და "გერმანული მზეო", ჩვენც, "ჩემმა მზემო", ვიფიცავთ, თუმცა, კაცმა რომ თქვას, საკუთარი მზე ჯერ კაციშვილს არ მოსწრებია...”
მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი III
“მმე ისიც მიკვირდა, უზომოდ როგორ ეძალებოდა საჭმელს. რომ მიგეშვათ, ჩვენში ნათქვამისა არ იყოს, მუცელს თავზე ჩამოიცვამდა, მაგრამ უცებ გაჩერდებოდა, სახე გაუშეშდებოდა და ყელშ გაჩხერილ ლუკმას ებრძოდა. მერე ჩუმად ადგებოდა, კუპეში შევიდოდა და იქიდან ერთხანს მოისმოდა ხრინწიანი ხველება.
თქმა არ უნდა, ასეთ დროს შიმშლით დაღუპული შვილი აგონდებოდა.”
მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი III
“ომი მაინც ომი და ბევრ რამეს ადვილად ეჩვევა ფრონტზე მყოფი კაცი. დღეს რომ ერთად ვართ, თანამოსანგრეებთან, ხვალ რომელიმე მათგანი გამოგვეცლება, ზეგ კიდევ სხვა, ორი, სამი ან რამდენიმე, მაგრამ ამას როგორღაც ვეჩვევით. ამბობენ, რაც საერთოა, უფრო ადვილი ასატანიაო. შვილის დაკარგვას კი როგორ აიტანს დედა, ან შვილი - მშობლებისას, დებისას თუ ძმებისას?! შესაძლოა ამ გოგონების ცრემლების მიზეზიც გადატანილ უბედურებათა გახსენება იყო. საკვირველი აქ არაფერია. პირიქით, მე უფრო ის მიკვირს, მიუხედავად ამდენი გაჭირვებისა და უბედურებისა, როგორ შეინარჩუნეს ამგვარი სულიერი სიხალისე! აი, თუნდაც ამ კუსპარა ადას ამბავი: მამა - ფრონტზე დაღუპული, დედა და ორი პატარა ძმა - სახლის ნანგრევებში ჩამარხული, კერა - გაციებული და გატიალებული, მაგრამ გული - მაინც ხალისიანი და შეუპოვარი. სხვაც ბევრი იყო ასეთი: მარია, დაშა, ლუკრეცია, სუზანა, ნინა, ყველას ვინ ჩამოთვლის, ვინ იცის, საერთოდ რამდენია შინმოუსვლელთა ამგვარი ჭირისუფალი, ან უფრო უბედურიც. შესაძლოა, ყველა ამათგანი, ვინც ფრონტზე თავის უძვირფასესი დაკარგა, იმდენად უბედური არ იყოს, როგორც ეს "ბედნიერი" გალინა, რომელსაც ვაჟკაცი მამის ნაცვლად, ორივე თვალით დაბრმავებული და ფეხებწაჭრილი, "კუნძი" შემოუტანეს სახლში...”
მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი III
“მე, სულელმა, მაშინ რა ვიცოდი, რომ ამგვარი მწუხარების მიზეზი სიტყვებით არ გამოიხატება. სადღაც უსიამოვნო გრძნობა ამოძრავდება, გულს სევდა შემოაწვება და ცრემლად მოადგება თვალებს...”
მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი III
“- ბევრი რამ თვით თქვენზე, გერმანელ ინტელიგენციაზეა დამოკიდებული, - ჩაერია ისევ კომენდანტი.
- ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? - იკითხა გერჰარტმა.
- ხალხი უნდა გამსჭვალოთ დემოკრატიული სულისკვეთებით, - აუხსნა კომენდანტმა. გერჰარტი გაფიცხდა:
- რამდენჯერ შეიზლება ამ უბედური ხალხის გამსჭვალვა?
სტუმრებში შეშფოთებამ იმატა. პროფესორებმა ერთმანეთს გადახედეს და მაშინვე გასწორდნენ. ის ჩია ბერიკაცი ისევ თავისთვის ბოლავდა. მხოლოდ რექტორი ცდილობდა საქმის მოგვარებას:
- რას გულისხმობთ, კოლეგა? - შეეკითხა იგი გერჰარტს, რომელიც არ დაიბნა და სხაპასხუპით მიაყარა.
- რას ვგულისხმობ და... ჯერ, ბატონო, ჰუმანიზმით განმსჭვალეთ ხალხი, მერე - მილიტარიზმით, 1918-ში - რევოლუციით, შემდწგ 15 წელიწადი ვერსალით მსჭვალავდიტ, თორმეტი წელიწადი - ბერჰტესგადენით, ახლა - პოტსდამით. მერე? მერე რითი ინებებთ კიდევ ამ საცოდავი გერმანელების განმსჭვალვას? ხომ ხედავთ, რომ ამდენი "გამსჭვალვის" შემდეგ წინ ცხედარი გისვენიათ?!”
მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი III
“- ისტორიის ამ ყველაზე აზარტულ სამეცნიერო თამაშში ჩვენ ორი მილიარდი დოლარი დავდეთ და მოვიგეთ...
დიახ, "სამეცნიერო თამაშშიო" - ასე თქვა პრეზიდენტმა. ამით ომმა გონების სფეროშიც გადაინაცვლა. მეცნიერები ჯარისკაცებად იქცნენ. მათ თავიანთი ოფიცრები ჰყავდათ, სარდლები, მთავარსარდლებიც. მერე და როგორი? მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ფიზიკოსები და მათემატიკოსები, ფრიად პატივცემული ადამიანები: აინშტაინი, ოპენჰაიმერი, ფერმი, ვინერი, ჟოლიო-კიური და, ვი იცის, კიდევ ვინ. ყველამ იცოდა, ამ "სამეცნიერო თამაშს" რომ კატასტროფული შედეგი მოჰყვებოდა, მაგრამ ისევ ის საბედისწერო კითხვა იქცა გადამწყვეტ ფაქტორად: ვინ - ვის? მეცნიერება დიდი გამოცდის წინაშე დადგა. ადრე თუ Homo sapiens-ს უხმობდნენ სინდისის სამსჯავროს წინაშე, ახლა Homo scientificus-ის საქმეები დადეს მართლმსაჯულების ქალღმერთი თემიდას სასწორზე, რომლის ერთ თასზე მომავლის ბრწყინვალე პერსპექტივა იდო: ატომური ენერგიით მოპოვებული "აღთქმული ქვეყანა", მეორეზე კი - "პაწაწინა" ყუმბარა, რომლითაც მთელი ქალაქის მოსპობა შეიძლებოდა. ერთი სიკეთეს მოასწავლებდა, მეორე - ბოროტებას. არჩდევანი მეცნიერებს უნდა გაეკეთებინათ. ამან ზნეობის საკითხიც დასვა. მერე აუცილებლობის ფაქტორიც დააწვა ამ მეორე თასს და "გამოვიდა ეშმაკი პირისაგან უფლისა". ჯოჯოხეთმაც ერთბაშად დააღო ხახა... მეცნიერებამ მას მართლაც დიდი სამსახური გაუწია. ამან სინდისი შეაშფოთა, ითქვა კიდეც: ნუთუ ახლა ჩვენ გავხსენით პანდორას ყუთიო. ზოგმა იმ "ფატალურ აუცილებლობას" შეაფარა თავი: ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა, სხვები გააკეთებდნენო. შეიძლება ეს სამართლიანიც იყოს. ოპენჰაიმერს რომ უარი ეთქვა თავის საქმეზე, ტელერი გააკეთებდა. თუმცა, რაღა ტელერი! განა აინშტაინმა, ვინერმა ან ჟოლიო-კიურიმ უარი თქვეს "ჯოჯხეთისთვის სამსახურის გაწევაზე?"
-მე რომ მომესპო ყოველი სიტყვა, რომელთაც შეეძლოთ იმის გამჟღავნება, რასაც ვაკეთებდი, ის სიტყვები მაინც გაჩნდებოდნენ სხვათა შრომებში, - იმართლა თავი ვინერმა.
ჟოლიო-კიურის ურჩიეს, არ გამოექვეყნებინა თავისი შრომა ატომგულის გახლეჩის შესახებ, მაგრამ არ დაიჯერა, სულერთია, სხვები გამოაქვეყნებენო.
- ატომის ჯაჭვისებური რეაქციის აღმოჩენა იმაზე მეტ საშიშროებას არ უქმნის კაცობრიობას, ვიდრე თავის დროზე ასანთის გაკეთება იყოო, - ინუგეშებდა თავს აინშტაინი. ნობელის პრემიის ლაურეატი მაქს დელბრიუკი წერს:
- როცა 1905 წელს აინშტაინმა აღმოაჩინა მასისა და ენერგიის ეკვივალენტობა, მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აქედან რომ ატომური იარაღი მიიღებოდა.
თვით აინშტაინსაც ეგონა, "ღმერთები ზარს არ თამაშობენო", მაგრამ მოტყუვდა: ღმერთები კი არა, თურმე ამა ქვენის მეუფენიც აგორებენ კამათლებს. მერე თვითონ აინშტაინიც მიხვდა ამა, მაგრამ... უკვე არა ჩვეულებრივი, არამედ "კოსმოსური ასანთი" იყო ანთებული.
ოპენჰაიმერის უარის თქმაც ნაგვიანევი აღმოჩნდა. იმ "ოსმოსური ასანთის" ერთ-ერთმა მთავარმა შემქმნელმა ენრიკო ფერმიმ კი ატომის ყუმბარის გამოცდის შემდეგაც თქვა:
- უწინარეს ყოვლისა, ეს არის საინტერესო ფიზიკა.
ამ "საინტერესო ფიზიკამ" ხიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედია გამოიწვია...”
მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი III
“- ჭირი ვისაც უნახავს, წამალიც იმას უნდა ჰკითხო, ჩემო ძმაო, თორემ შენ რა, მართლაც ბედნიერი კაცი ხარ, ამ წყეულ ომში არც ცოლ-შვილი დაგიკარგავს და არც ნათესავები. ამიტომაც ლაპარაკობ ასე დალაგებულად. მე კი, ხომ ხედავ, ძირფესვიანად ვარ ამოწყვეტილი და გიკვირს, ტვინი რომ გადაბრუნებული მქონდეს...
ეს რომ თქვა, მე თითქოს ჩემი ბედნიერებისა შემრცხვა, უხერხულად შევიშმუშნე. თან მინდოდა, როგორმე მენუგეშებინა ეს გაუბედურებული კაცი, - "ჭირსა შიგან გამაგრება..." მეთქი, მაგრამ რუსულად არ მომაგონდა და გავჩუმდი. ან რა აზრი ჰქონდა ამის თქმას, როცა არც თვითონ სდებდა თავს "ქვითკირობაზე". ასე ამბობდა, მე გათავებული კაცი ვარ და თუ რამეს ვაკეთებ, ჩვეულება ან ისტერია მამოქმედებს. ზოგჯერ მინდა ყველაფერი დავივიწყო, ცხოვრების დინებას მივყვე, კიდეც ვიცინო, კიდეც ვიტირო, ხანდახან არაყსაც მივეძალო, მაგრამ რომ მომაგონდება ჩემი პატარა შვილი, ლენინგრადში, შიმშილით სიკვდილის წინ დედას რომ ეუბნებოდა, თურმე, მალე მამიკო მოვა და დიდ, დიდ პურს მომიტანსო... გულ-ღვიძლი გადამიტრიალდება და ისევ წყალაღმა ვიწყებ ცურვას...
ალბათ, ასეც იყო, თორემ მის მდგომარეობაში მყოფ კაცს ამგვარი ლაგამწაყრილი სიცილი როგორ დასჩემდებოდა. თუმცა ვერც ამისას გაიგებ რამეს. როგორც ჩანს, ცხოვრება ასე უცნაურადაც ფანტავს მწუხარების აჩრდილებს. ის კი არა, ამბობენ, დიდი მწუხარება ზოგჯერ სიცილის ქარიშხალსაც იწვევსო. ასე რომ არ ყოფილიყო, ენი-კალეშ უკვე საფეთქელთან რევოლვერმიდებულ მაიორს ის საოცარი სიცილი როგორ აუტყდებოდა!”
მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი III