გაცნობა

სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ბებია-პაპის იყო. მათთან სტუმრობისას ძალიან მიყვარდა ლოჯში ჩამოკიდებული საათის ყურება. მართკუთხედის ფორმის დიდი ფოტო იყო დიდ მასიურ ჩარჩოში, პეიზაჟი - ორი ნაძვის ხე და მათ შუაში გამავალი შარაგზა. ნაძვებს უკან უკიდეგანო სივრცე იყო გადაშლილი. ძალიან შორს, ცა და მიწა ერთმანეთს ერწყმოდა. საათის ციფერბლატი სწორედ ამ ორ ნაძვს შორის იყო გაკეთებული პაპაჩემის მიერ, შარაგზის ზევით. პაპა ბევრ რამეს საკუთარი ხელით აკეთებდა. ძალიან მიკვირდა რატომ იდგა მხოლოდ ეს ორი ნაძვი ამ უსაზღვრო მინდორში, ხოლო ეს ბალახიანი შარა, რაღა მათ შუა გადიოდა და იკარგებოდა, საით მიდიოდა ან როგორი იქნებოდა ეს ნაძვები რომ არ მდგარიყვნენ.
საათი ისე ეკიდა კედელზე, როგორც ფერწერული ტილო - თოკით ლურსმანზე. ჩარჩოს სიმძიმე საათს წინ ხრიდა და მე, პატარა არსებას, სამარცხვინო საქმის ჩადენის დროს თავზე წამომდგარ მკაცრ მასწავლებელს მაგონებდა. შიში და ცნობისმოყვარეობა ერთდროულად მეუფლებოდა და მოშორებით, სკამზე ჩამომჯდარი, დამფრთხალი მივშტერებოდი წიკწიკს.

დროის ცნობის სწავლას დიდი ხანი მოვანდომე. დღესაც მიჭირს დროის დასახელება, განსაკუთრებით, მექანიკურ საათზე. გრამატიკული დროის გააზრება ხომ, საერთოდ, კოშმარია...
ჩემი ცხოვრება ბევრნაირი დროისგან შედგება. ეპიზოდები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება და ზოგჯერ წარმოუდგენლად მეჩვენება - ნუთუ ასეთი ვიყავი? ზოგიერთი წელი ძალიან უცხო, გაუგებარი და ბურუსით მოცულია, ზოგიც, ნათელი და მხიარული. ყველანაირი წლის "ბექა" მიყვარს და მაინტერესებს. ყველა "ბექა" და ყველა "დრო" ჩემში თანაცხოვრობს და როდესაც ვიზრდები კიდევ ახალ ასეთებს აღმოვაჩენ ხოლმე, ალბათ, ეს ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია.

ბავშვობიდან ვწერდი. სიტყვის ზეწოლას და ჯადოსნობას ერთდროულად განვიცდიდი. ჩემში ის ყოველთვის მახესთან ასოცირდებოდა. ვწერდი იმისთვის, რომ თავი დამეხსნა. ბლოგის შექმნიდან მხატავრულ სიტყვას ჩამოვშორდი, ახლა კი, 2015 წელს, კვლავ დავუბრუნდი მას გარკვეული გეგმებით. არ ვიცი, რას როგორ და რანაირად განვახორციელებ.
სულ მალე, საბას ელექტრონულ საიტზე უფასოდ განვათავსებ ჩემს ძველი ჩანახატებისა და ლექსების კრებულს - "ნოქტიურნი".
დანარჩენი შემდგომ პოსტში იყოს.
იმედი მაქვს, დამიმეგობრდებით და გამიზიარებთ თქვენს შეფასებებსა და შთაბეჭდილებებს.
1 like ·   •  0 comments  •  flag
Share on Twitter
Published on January 13, 2015 06:31
No comments have been added yet.