მიხეილ კვესელავა > Quotes > Quote > David liked it

“...ახლა რომ ამაზე ვფიქრობ, ისიც მაგონდება, იმ დღეებში ენიკალესთან სადღაც შემორჩენილმა ყუბანელმა კაზაკმა რომ ოფლში გაღვრილი ცხენი მოაგდო ზღვის ნაპირას. წითელლამპასებიანი შარვალი ეცვა, თავზე წითელკოკარდიანი ქუდი ეხურა, ქოჩორი ბუჩქივით ჰქონდა გადმოშლილი, მკერდზე კი ორდენები და მედლები ეკიდა, წელზეც ოდნავ მოხრილი ხმალი ერტყა. ამაყი ჩანდა, მისივე ცხენივით ფიცხი. ალბათ, იფიქრა, ქერჩის სრუტეს გავცურავო. ამას სხვაც ბევრი ფიქრობდა. სამი კილომეტრის გაცურვა მართლაც შეიძლება, მაგრამ ისინე ვერ ითვალისწინებდნენ, სრუტის შუაწელში სწრაფი დინება რომაა და ვინც ამას ცდიდა, ქერჩთან გარიყავდა, სადაც მათ თევზებივით იჭერდნენ გერმანელები.
იმ კაზაკსაც მოუნდა ბედი ეცადა. სწრაფად ჩამოხტა ცხენიდან, ახსნა უნაგირი, მოსართავები, აჰყარა აღვირი და ხელებით მაგრად დაუჭირა თავი. ჯერ თვალებში ჩახედა, მერე კისერზე ხელები მოხვია და შუბლში აკოცა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... ხუთჯერ... რა ვიცი, ათჯერ თუ ასჯერ. კოცნიდა გაშმაგებით, თავდავიწყებით თვალებში, კისერზე... მერე ხელი უშვა, უკან დაიხია, რევოლვერი გაიძრო და სამჯერ ზედიზედ დაახალა შუბლში... ცხენისთვის არც შეუხედავს, ისე გაიქცა ზღვისკენ.
ცხენი ჯერ თითქოს გაოგნებული შეჩერდა. მერე ძლივს შებრუნდა მხედრისაკენ, ერთი გახედა და დაიჭიხვინა. მხედარს არც ახლა მოუხედავს...
ცხენმა წინა ფეხებზე ჩაიჩოქა, კისერი წაიგრძელა, უნდოდა კიდევ დაეჭიხვინა, მაგრამ რაღაც ხრიალი ამოხდა და დაეცა...
მხედარმა ზღვის ნაპირას ხმალი იძრო, ჯერ მოწიწებით ემთხვია, მერე მუხლზე გადაიმტვრია და გადააგდო. შემდეგ ჩექმები გაიხადა, ტანისამოსიც და გადახტა ზღვაში.
ისიც, ალბათ, ქერჩის ნაპირას გარიყა წყალმა...”
მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი I

No comments have been added yet.