Natalie Davitashvili > Quotes > Quote > Loreley liked it

Natalie Davitashvili
“ბეჩოს ძველი დიდებიდან აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი: ახალი მთვარის შუქზედაც კარგად ჩანდა დევებისგან აოხრებული და ჩამოქცეული კოშკები. არადა, იყო დრო, როცა ლამპრობას - ახალი წლის პირველ ახალმთვარობას, ყოველთვის აქ ხვდებოდა თავის რჩეულ გვარებს - რატიანებსა და მჭედლიანებს სტუმრობდა, მათთან ერთად უნთებდა ლამპარს მორიგე ცის გამგებელს და ევედრებოდა კაცისძეთათვეის აეცილებინა ავადმყოფობანი, უხვად ჰყოლოდათ საქონელი და ავდარს არ შეეწუხებინა ისინი. ყველა ოჯახიდან იმდენი ლამპარი გადიოდა, რამდენი ვაჟკაციც ცხოვრობდა, შესაწირი საკლავის - მოზვრის, ვერძისა თუ კერატის - გასუქებას შემოდგომიდანვე იწყებდნენ. დღეს კი აქ თითო-ოროლა სამოსახლო თუ იყო დარჩენილი, რომელნიც დევების ყმები არ გამხდარიყვნენ. თანაც იქ მხოლოდ მოხუცებიღა ცხოვრობდნენ.
ბერმა ცხენი მირონ რატიანის კოშკთან შეაჩერა. შარშან, ამ დროს, მირონის ოჯახიდან ექვსი ლამპარი გაიტანეს. ბერს კარგდ ახსოვდა, რა ამაყად მიუძღოდა წინ ოჯახის უფროსი თავის ხუთ ვაჟკაცს. დღეს კი, დარდისგან ადრიანად დაბერებული და გათეთრებული მირონი მარტოდმარტო ცხოვრობდა ლოგინს მიჯაჭვულ ცოლთან, მართასთან ერთად. იმ დღის შემდეგ ჩავარდა ლოგინად უბედური ქალი, როცა მწირმა ამბავი მოუტანა - აღარც ერთი ვაჟი არ დაგიბრუნდება, ყველამ დევებს შეაკლა თავიო.”
ნატო დავითაშვილი, ამბავი ლილე იროელისა

No comments have been added yet.