მიჩიო კაკუ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და პოპულარული ტელესახეა დღეს. მეცნიერების მნიშვნელოვანი ხმა, დიდ წილად უშინაარსო გართობაზე ორიენტირებულ მსოფლიო კულტურის სფეროში.
კაკუ science channel-ზე გავიცანი, თითქმის ყველა ჩემ საყვარელ დოკუმენტურ პროგრამას ან უძღვებოდა ან მონაწილეობდა მაინც: - How the Universe Works, Sci-fi Science physics of the impossible, 2057, Alien planet აგრეთვე Nova-ს BBC Horizon და History Channel-ის პროგრამებში. მოკლედ მიჩიო ყველგან იყო (და არის) ამ გარემოების ამოხსნა არაა ძნელი - მიჩიო ძალიან კარგი მთხრობელია,ფლობს უმარავ ინფორმაციას, უყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა და შეუძლია შეგაყვაროს მეცნიერება. მისი ლექციები თუ სატელევიზიო პროგრამები ყოველთვის მარტივი, გასაგები, საინტერესო და თავშესაქცევია. თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკასთან გაქვს საქმე და არა მეცნიერებასთან. გასაკვირი არაა რომ მისი წიგნი "პარალელური სამყაროებიც" არ არის გამონაკლისი.
"პარალელური სამყაროები" ჩემ ბიბლიოთეკაში მიჩიოს პირველი წიგნია, შთაბეჭდილებაც ისეთი იყო როგორც ზემოთ ჩამოთვლილ საყვარელი პროგრამების ყურებისას. წიგნი უამრავ მასალას მოიცავს: - სამყაროს დაბადებას, მომავალს, სიკვდილს, დროში მოგზაურობას, დრო სივრცით პორტალებს, დროში მოგზაურობის პარადოქსებს, მულტი სამყაროს, სიმების თეორიას, კვანტურ თეორიას, პარალელურ სამყაროებს და მათში გადასახლებას როცა ამ სამყაროს სიკვდილის დრო დაუდგება.
კაკუ უნიკალურად იცავს ბალანსს სიმსუბუქესა და სიღრმეს შორის. მეცნიერული თემები არც იმდენად მსუბუქია რომ ინტერესი დაკარგო და არც იმდენად ღრმა რომ დეტალებში აიხლართო. თავები პატარ-პატარა საინტერესო თემებად არის დაყოფილი, სანამ ერთ საინტერესო ნაწილს მორჩები მეორე იქვე გელოდება.
კაკუს ანალოგიები გაჯერებულია მაგალითებით სამეცნიერო ფანტასტიკიდან, უკვე იმდენი საინტერესო სცენარი და წიგნი აღმოვაჩინე რომ მეც გამიჩნდა სამეცნიერო ფანტასტიკის დაწერის სურვილი. ამ ყველაფერის ერთადერთი ნაკლი ისაა რომ რამდენიმე წიგნის, (რომლის წაკითხვასაც უახლოეს მომავალში ვაპირებ) მოკლე შინაარსი წაკითხვამდე გავიგე.
კრიტიკოსებს ძალიან თამამი მოეჩვენებათ კაკუს სპეკულაციები და ჰიპოთეზები. მაგრამ ის არ ამტკიცებს რომ მთელი ეს ფანტასტიკური ამბები რეალობაა და მორჩა. ეს დიდად სავარაუდოდ შეიძლება რეალობა იყოს.
ზოგჯერ თეორიული მეცნიერება ძალზედ უსწრებს იმპირულს, მაგრამ იმედი არის რომ ეს ყველაფერი დამტკიცდება და მერე ძალიან შორეულ მომავალში შესაძლოა ისეთი ამბებიც მოხდეს რაც ახლა ასე აბსურდულად ჟღერს.
4,5 ვარსკვლავი ობიექტური იქნებოდა, თუმცა 4-ისთვის ვერ გავიმეტე და 5 ჯობია.