ამ წიგნს დღიური ძალიან პირობითად ჰქვია, რადგან ის ორ ნაწილად დავწერე თბილისში უმშვენიერესი ქვეყნიდან ორჯერ დაბრუნებულმა. „მექსიკური დღიური“ მონატრებამ დამაწერინა. მინდოდა მომეთხრო ის, რაც ვნახე და განვიცადე სახლიდან შორს, ხან მარტოდმარტომ და ხანაც ღირსეული ადამიანებით გარემოცულმა – არჩილ ქიქოძე.
არჩილ ქიქოძე დაიბადა 1972 წელს, თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის მესამე ექსპერიმენტული სკოლა. 1989 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1992 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ჯერ კონოსაოპერატორო, შემდეგ კი კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 1991-1994 წლებში იყო სამაშველო სამსახურ “სანთელის” წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო სამაშველო ოპერაციებში. გატაცებული იყო ალპინიზმით. დღემდე მუშაობს როგორც გამყოლი ველური ბუნების და ეკოტურიზმის გამყოლი. 21 წლის ასაკიდან დაკავებულია ლიტერატურული მოღვაწეობით.[1]
არჩილ ქიქოძის მოთხრობები, ესსეები, სტატიები და ფოტოები უკანასკნელი ათი წელია იბეჭდება ქართულ ჟურნალებში და ლიტერატურულ პერიოდიკაში. არის შვეიცარიაში გამოსული ორი ბროშურის ავტორი სვანეთსა და ხევის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით დაწერილი აქვს ტურისტული გზამკვლევი თუშეთის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ.
[b]ჯილდოები[/b] - პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის თბილისის წიგნის ბაზრობაზე, კრებულისთვის “ირემი და ლიმონათი” (2002) - ლიტერატურული პრემია “გალა” ნომინაციაში წლის წიგნი, კრებულისთვის “მყუდრო” (2009)
არჩილ ქიქოძე არის ყველაზე ჯიგარი ქართველი მწერალი, აი ისეთი ჰოლდენ კოფილდი რომ ამბობდა, წიგნის კითხვას როცა დაამთავრებ და მოგინდება ამ წიგნის ავტორს დაურეკო და ბევრი ებაზროო, ეგაა ნამდვილი მწერალიო აი ზუსტად ეგეთი განცდა გამიჩნდა ახლა. რაღაცნარი მშვიდი, ალალი, პატიოსანი, უთქმელი ადამიანის ენერგია მოდის წიგნიდანაც კი და ზუსტად ვიცი, რომ მართლა ასეთი ადამიანია. P.S. მეც ძაან მეწყინა პირველ მოგზაურობაში ფოტოაპარატი რომ გაფუჭდა, მაგრამ სიტყვებით იმდენი დავინახე, რომ მგონი ფოტოებსაც აჯობებდა წარმოდგენა და ფანტაზია.
რაც შეიძლება მეტი ქვეყანა უნდა ნახოს არჩილმა, რომ რაც შეიძლება მეტი დღიური დაწეროს!!! იმედია, პატაგონიასაც აუცილებლად ნახავს(რომლის ნახვა ჩემი ოცნებაცაა) და კიდევ ერთ გენიალურ დღიურს შემოგვთავაზებს.
არჩილ ქიქოძე გარდა იმისა, რომ კარგი ავტორია, კარგი პერსონაჟიცაა. ეს კი ნორვეგიული დღიურების მსგავსად მექსიკურ დღიურებსაც დამატებით ხიბლს სძენს. მით უფრო, რომ ნორვეგიული დღიურებისგან განსხვავებით, ამ წიგნში უკვე იმ ადამიანების, ცხოველების, ფრინველებისა თუ ადგილების ფოტოებიც გვხვდება, რომლებზეც ავტორი გვიყვება და მხოლოდ საკუთარი წარმოსახვის იმედად აღარ ვართ. ამასთან, მექსიკა ტერიტორიულ-კულტურულადაც უფრო საინტერესო და ეგზოტიკური სივრცეა და შესაბამისად, აქაური თავგადასავლებიც უკეთესად მომეჩვენა.
ზოგადად კი სხვა ქვეყნების დღიურებსაც სიამოვნებით წავიკითხავდი. განსაკუთრებით ისეთების, სადაც სპეციფიკურ ჩიტთა დიდი ნაწილი არაა კონცენტრირებული 😀
დღეს მომწერეს, "არჩილ ქიქოძელოგი ხარო", მეთქი რატომაც არა... ხალხნო, ოღონდ ვგიჟდები ამ კაცზე და მის თხრობაზე, ყველაზე სასიამოვნო და კომფორტულია მისი კითხვა! ან რა ფერები, ან რა სიტყვები, ან რა ისტორიები, ცოცხალი ბუნება, ადამიანები, სამყარო!!! არაფერი არ მიჩენს მოგზაურობის სურვილს ისე, როგორც ქიქოს "სამოგზაურობები". ახლა რაღას ველოდო, ინდოეთშია და ვიმედოვნებ, რამეს იქაც ჩაწერს. ქიქოს წიგნის კითხვის დროს, გვერდით გუგლი მაქვს ლეპტოპში გახსნილი და ყველაფერს ვნახულობ. ახალი ინფორმაციის მიღების ზღვაა.
სამხრეთ ამერიკული-ესპანური კულტურა არის ჩემი ცხოვრების სიყვარული. 1 წელია ვეღარ ვუსმენ ესპანურ-პორტუგალიური სიმღერების გარდა ვერაფერს, ჩემში ტრიალებს ამ ენის სილაღე, სილამაზე და პოეტურობა, ის რაც თითქოს იმედს გაძლევს და მოსმენის დროს თავს აგითამაშებს. წიგნის წაკითხვის დროს თავში დამიწყო ტრიალი იმან, რომ მივდივარ მექსიკის ცხელ სანაპიროზე კაბრიოლეტით, პალმებია , ცივი შუშის ბოთლის კოკა-კოლა მაქვს და ვუსმენ ცეზარია ევორას(cesaria evora)(ეს უკანასკნელი აფრიკელია, მაგრამ ენა ძალიან მოესპანურო). ჩემი აზრით ვგავართ რაღაც კუთხით ჩვენ და სამხრეთ ამერიკელები, და ეს კარგად იცის არჩილმაც,ამბავს ისე გვიყვება , რომ ქართველ მკითხველს ესიამოვნოს, მოვლენაა ეს კაცი და უნდა დავაფასოთ, ნორვეგიულის მერე ესეთ დოკუმენტურ და საინტერესო ქართულ წიგნს თუ წავიკითხავდი აღარ მეგონა. ცხელა მექსიკაში და ცივა საქართველოში, საქართველოში ცხელა ხოლმეც და გაზაფხულდება , აი, მე კი ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ოდესღაც ვიმოგზაურებ სამხრეთ ამერიკაში და ამას აუცილებლად ვიზამ, მადლობა არჩილ ასეთი კარგი წიგნის დაწერისთვის.
ბერძნული ვოიაჟიდან სულ რაღაც 1 კვირაც არ იქნება რაც დავბრუნდი და აგერ, უკვე მეორე წიგნი შემომეკითხა "წაუკითხავი წიგნების კოლონიდან." და მიხარია, რომ ამ წიგნებიდან, რომლებიც საზაფხულოდ შემოვინახე, არჩილ ქიქოძის წიგნიც მოხვდა. ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ იმის შესახებ, რომ არჩილი ძალიან კარგი მწერალია. ძალიან კარგი კი არა, არამედ ყველაზე, ყველაზე კარგი!
რაც შეეხება ,,მექსიკურ დღიურს" - იმდენად საინტერესო იყო ეს მოგზაურობა და ამ კაცის მიერ აღწერილი ეს შორეული მიწები, რომ მგონია მეც მასთან ერთად გავატარე მთელი ეს დრო. მასთან ერთად ვნახე გვადალახარა, სან-პანჩო, ეგზოტიკური ფრინველები და სხვანი... ვინც მოგზაურობს კი იცის, თუ რაოდენ ძნელია ხოლმე იმ ქვეყნის მიტოვება, რომელსაც ვსტუმრობთ, როდესაც ვიცით თუ რამხელა ისტორიას იკავებს ის. განსაკუთრებით კი მექსიკა, რომელიც ჩვენთვის, ვისაც არ მოგვინახულებია, მხოლოდ ნარკოკარტელებისა და მტვრიანი ქალაქების სამშობლოა.
სხვა რა შემიძლია ვთქვა გარდა იმისა, რომ მართლაც კარგად შეკრული, საინტერესოდ და მომხიბვლელად გადმოცემული ამბავი იყო ეს ყოველივე? ეს ხუთი ვარსკვლავიც კი ცოტაა ამ წიგნისთვის, სიმართლე რომ ითქვას!..
მიყვარს მეზოამერიკა, მიყვარს ეს წიგნი, მიყვარს ეს კულტურა, მიყვარს ქიქოძის უშუალო წერის სტილი, რომელმაც, გარდა იმისა, რომ მექსიკაში მამოგზაურა, გამაცნო ცნობილი მწერლების უცნობი ტექსტები, თუ უცნობი მწერლების ცნობილი წიგნები და, რაც ყველაზე მთავარია, ორი უდიდესი კაცი- ენტონი ბურდეინი და ენრიკე მეტინიდესი. უკვე მივხვდი რატო წერს ეს კაცი მსგავს დღიურებს და იმედია ნახავს იმ საოცნებო პატაგონიასაც და ამ ნატურალისტურ-ლიტერატურული მოგზაურობიდან დაბრუნებული კიდევ ერთ შედევრს შემოგვთავაზებს.
" თუ გინდა, ნახო ადამიანის მიერ შექმნილი საოცრებები, წადი და ევროპა მოიარე, მაგრამ თუ ღმე���თის მიერ შექმნილ საოცრებებს ეძებ, სამხრეთ ამერიკა უნდა ნახო!"
მდაჰ... არ ვიცი, რატომ მიყვარს ეს ქვეყანა ასე. ვერ ვიტყვი, რომ რულფომ შემაყვარა, მაგრამ დარწმუნებით, რულფომ ამ სიყვარულის რეალიზაცია მომცა. აი, ვფიქრობდი და ვერც ერთ სხვა ქვეყანაში ვერ დაიბადებოდა რულფო(ვერც სხვა ლათინო ამერიკულში). ჩემი მექსიკისადმი სიყვარულიც არ ვიცი საიდან იწყება, ბავშვობაში მსოფლიოზე გილერმო ოჩოას და ჩიჩარიტოს გულშიმატკივრობა კარგად მახსოვს, ისიც მახსოვს ამერიკაში ყოფნის დროს, როცა ადეკვატურ რესტორნებში სადილობას მთავაზობდნენ და მე უკიდურესი დანაშაულის გრძნობით ვთხოვდი ჩემთვის საკუთარი გემოვნება გაეწირათ და უხარისხო ტაკო ბელში წავსულიყავით, იმისთვის რომ მექსიკური სამზარეულო კიდევ ერთხელ დამეგემოვნებინა, (მერე რა რომ სულ ერთი და იგივე რესტორანში ვჭამდი). ჩემი თანასკოლელებიდანაც ყველაზე მეტად ვერაკრუსელი კრუზი მიყვარს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მექსიკელია და ძალიან შიგ აქვს. ჰოდა, ამ წიგნმა კიდევ უფრო მომანდომა ჩემი დიდი ხნის სურვილის ასრულება, პირველივე წლის სახელფასო დანაზოგით ფოტოპარატის შეძენა და მონტერეიში კრუსის კარზე დაკაკუნება, რის შემდეგადაც ვნახავდით ტიგრესი - მონტერეის თამაშს და მე მარტო გავემგზავრებოდი 31ვე შტატის სანახავად.არც ყოველწელს ვიზასთვის სტამბულში გადაფრენაზე ვარ წინააღმდეგი და არც ყოველივე შტატში მონტესუმას შურისძიების აკიდების. მექსიკის შემდეგ კი ქვევით ასტურიასის გუატემალაში გადავინაცვლებდი და მერე კუბაზეც. მაგ რეგიონში სხვა ერები დიდად არ მაინტერესებს.
აქვე, ქიქოძე ჩემი საყვარელი თანამედროვე ქართველი მწერალია და ფოტოგრაფიც. წიგნი კი ძალიან კარგია.
Viva Mexico, cabrones 230 გვერდში ჩატეული მექსიკა და მექსიკელები. ლიტერატურა, ისტორია, ფლორა და ფაუნა. ეს სამი დღე მე და არჩილ ქიქოძემ ერთად მოვიარეთ მთელი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელში, გვადალახარას რომელიმე სასტუმროს ვერანდაზე გასულს მესკალის სმისას გამახსენდება, რომ აქ ერთხელ უკვე ვიყავი. შესაძლოა, შესაძლოა, შესაძლოა…
იმედია, არჩილ ქიქოძე კიდევ ბევრს იმოგზაურებს. ასე დიდებულად ვერავინ მოგვითხრობს განსხვავებულ ამბებს ქვეყნებზე ( ჯერ ნორვეგიაზე, ახლა კი მექსიკაზე) - ისე, თითქოს თავად დავდივართ მეხიკოს, გვადალახარას ქუჩებში, მექსიკის ულამაზეს ადგილებში კეთილ მექსიკელებთან ერთად და ჩვენც ჩაგვესმის "შესაძლოა, შესაძლოა, შესაძლოა" (მე ჩემი საყვარელი Nat King Cole-ის შესრულებით)... ალბათ იმიტომ, რომ ამ წიგნის დაწერით არჩილმა ძალიან კარგი საქმე გააკეთა და თავის მკითხველებთან ერთად დაიმსახურა ეს სიმღერა (ამ მომენტს და მარიოს ამბავს მას შემდეგ ველოდი, რაც წიგნის ფესტივალზე მარი არღუთაშვილის პრეზენტაციას დავესწარი. ღირდა ლოდინად :)).
ავტორი აშკარად კეთილგანწყობილია იმ ხალხისა და კულტურის მიმართ, რომელსაც აღწერს და ახერხებს გადალახოს ის პრობლემური ქედმაღლური მზერა, რაც ამ ჟანრის წიგნებში გვხვდება ხოლმე. წიგნი აღძრავს მოგზაურობის, ლიტერატურისა თუ ისტორიის შესწავლის გზით სამყაროს მრავალფეროვნების შემეცნების სურვილს.
ძალიან კარგი წიგნია მათვის ვისაც სურს რომ გარკვეული წარმოდგენა შეიქმნას მექსიკაზე, და ზოგადად მეზოამერიკაზე, არა მხოლოდ ქვეყანაზე მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, არამედ მის კულტურაზე, მწერლებზე და ზოგადად ჩვეულებრივი ადამიანების ყოფით ცხოვრებაზე. ყველა სიკეთესთან ერთად საკმაოდ შემეცნებითი წიგნია, ბევრი რეფერენსით სხვადასხვა ნაწარმოებებზე თუ გამორჩულ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება და შემოქმედება შესაძლოა საინტერესო იყოს ბევრისთვის. ეს წიგნი არ არის მხოლოდ მოგზაურობის დღიური, რაც, რა თქმა უნდა, თავისთავად მრავლის მომცემია ისეთი საინტერესო ავტორისგან, რომელიც საკმაოდ ბევრ რამეშე ერკვევა; ეს წიგნი ასევე არის გარკვეული სახის გზამკვლევი რომ შეიცნო ქვეყანა.
კარგი რამეა, ნორვეგიულ დღიურსაც ვამჯობინებდი ალბათ, მარა სუბიექტური მიზეზების გამო უფრო. განსაკითრებულად ლამაზია ადგილები, რომლებზეც რაღაც მოგონება წიგნებიდან თუ ფილმებიდან არჩილსაც აქვს, ჰოდა მერე მისტიკის ამბავში მექსიკა თავისას შვება. ჰო, რულფო ძალიან დიდი მწერალია, ერთ-ერთი საუკეთესო რომანის ავტორიც და მაგ კაცისადმი მიძღვნილი თავი ამაზე ნაკლები არც უნდა იყოს. აქაური ლიტერატურა რო ყველაზე ნაღდი და ახლოა ადამიანთან, არაა ახალი ამბავი. საბოლოო ჯამში შედგა დოკუმენტური პროზა და თამამად სარჩევი წიგნიც მივიღეთ, ფოტოებმა დაგლიჯა, ნეტა მზის ჩასვლაც ბევრჯერ გადაეღო ❤ დაე, ამაზე ნაკლები წიგნი არ წამეკითხოს წელს.
იცით შუა კითხვისას რამდენჯერ ვიფიქრე, აი, ახლა ავდგები, არ დაველოდები წიგნის დასასრულს და ისე დავუწერ ვარსკვლავებს მეთქი? - ალბათ ყველა ფურცელზე. მინდა ქიქოძესავით ვმოგზაურობდე, ვწერდე და ამ მოგზაურობებზე ვწერდე :)) ნორვეგიულ დღიურს კარგა ხანი ჩანთით დავათრევდი: მოვიწყენდი სადმე და ეგრევე ვეშვებოდი ქიქოძის სიტყვებსა და სკანდინავიურ ამბებში. მექსიკურ დღიურსაც, ვატყობ, კარგა ხანი მოუწევს ჩემს ჩანთაში ცხოვრება. სულ მცირე გაზაფხულამდე მაინც - წიგნში ხომ იმდენი, იმფერი და იმნარი ლამაზი მზე და დღეა 🧡
ფაქტიურად მექსიკაში ვიყავი ორჯერ ამ წიგნის კითხვისას. საოცრად აღწერილი მოგზაურობა რომელსახ ნამდვილად სივრცეში გადაჰყავხარ. ვიგრძენი ავტორის ბუნების სიყვარული და ნატურალისტური დაჟინება ნახოს რაც შეიძლება მეტი, გაიზიაროს გამოცდილება და ასე გულუხვად გადმოსცეს მლოთხველს. გარდა მექსიკაში მოგზაურობისა ბევრი ლათინო ამერიკელი ავტორი და წიგნი შეემატა ჩემა წასაკითხ სიას! ✨
მექსიკაში თუ ჩავაღწიე ოდესმე, ქიქოძის მარშრუტით დიდი ალბათობით არ ვიხელმძღვანელებ. მხოლოდ იმიტომ, რომ მე ცოტა სხვა ინტერესები მაქვს, ჩიტებზე მეტად ქვები უფრო მაინტერესებს :)) მაგრამ, ეს წიგნი ნამდვილად არის ლათინოამერიკული ლიტერატურის გზამკვლევი. ყველა მწერალი ამოვიწერე, ყველა წიგნი ჩავინიშნე. უმეტესობას კი ვიცნობ უკვე, მაგრამ, არჩილმა მაფიქრებინა, რომ საკმარისად კარგად არ ვიცნობ და გუშინ პედრო პარამო ვადმოვიღე ხელახლა. არც მინანია. ეს საინტერესო დღიურია, კარგი საკითხავია, აშკარად კარგი და გულწრფელი ადამიანის დაწერილია. მეტი რა არის საჭირო, რომ წიგნი ხელში აიღო? მგონი არც არაფერი
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნორვეგიული დღიური არ წამიკითხავს, ვიცი მექსიკურს ვერცერთი გადაწონის. საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი თანამედროვე ავტორების მიმართ, ქიქოძესაც თავს ვარიდებდი, მაგრამ მადლობა საბას სამხრეთული სპილო რომ მირჩია<3 არ ვიცი რისი ბრალია ამ წიგნის სიყვარული, ყველაზე კარგი ფოტი ალბომის, მექსიკის თუ არჩილის სამადლობელი მესიჯის გამო, სწორედ ამ წიგნის კითხვისას რომ მომივიდა.
არ არის მარტივი ამბავი მკითხველი ისე ჩაითრიო ნაწარმოებში, რომ შენთან ერთად ამოგზაურო. ახლოა ეს ავტორი ჩემთვის, ჩემიანია. არჩილ ქიქოძესთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა კი ოცნებად მექცა🧡
“თუ გინდა, ნახო ადამიანის მიერ შექმნილი საოცრებები, წადი და ევროპა მოიარე, მაგრამ თუ ღმერთის მიერ შექმნილ საოცრებებს ეძებ, სამხრეთ ამერიკა უნდა ნახო”
ჩემი ცხოვრების ბოლო ოთხი დღე იყო ასეთი: უნივერსიტეტის დედლაინების გადამკიდე ერთი სული მქონდა გამომენახა თუნდაც ერთი საათი და დავბრუნდებოდი მექსიკის ულამაზეს თავგადასავლებს.
ძალიან გამიხარდა ენტონი ბურდეინს,რომ გადავაწყდი ამ წიგნში, აი მაგიტომ რომში გადაღებულ ეპიზოდს სპეციალურად ვუყურე და უფრო კარგად გავიგე რატომ იყო ასეთი ამაღელვებელი ეგ ეპიზოდი ავტორისთვის
ასევე საოცარი ამბების თავმოყრაა ეს წიგნი, განსაკუთრებით პოპოკატეპეტლის და ისტასიუატლის სიყვარულის ისტორია მომეწონა იქნებ ერთ დღეს, შორეულ მომავალში ჩემი თვალით ვნახო მექსიკაში, გვერდიგვერდ მყოფი ორი ვულკანი და გავიხსენო ლეგენდა მათ შესახებ.
“მექსიკური დღიურის” საყიდლად, ფაქტობრივად, ისეთივე მოგზაურობა გამომივიდა, როგორც არჩილ ქიქოძეს - მექსიკაში. გამიზნულად არ გავდიოდი რუსთავი მოლში, სულაკაურის გამომცემლობაში წიგნის შესაძენად. ავდიოდი ჭავჭავაძის ფილიალში ლექციიდან გამოსული და დათვალიერების შემდეგ შევიტყობდი, რომ ტირაჟი ამოიწურა. მეორე დღეს ისევ მივიდოდი, ისევ არ იყო, ხვალ ისევ მივაკითხავდი - ისევ არ იყო. ბიბლუსში აქამდე არ შევდიოდი, ლიტჰაიკერის ფასდაკლებით მინდოდა მესარგებლა, მაგრამ ახლა სხვა რა გზა მქონდა?! პირველი კორპუსის მოპირდაპირედ არსებულ ბიბლუსის ფილიალში შევედი, არც იქ ჰქონდათ. შემომთავაზეს სხვა ადგილიდან მოვიტანთო, თუმცა გავუღიმე და უარი ვუთხარი. მომწონდა ეს მოგზაურობა წიგნისთვის, ათასგზის რომ გაიწელა. საბოლოოდ რუსთაველის მეტროსკენ მიმავალმა, გზად ბიბლუსის ფილიალს შევუარე და იქ ჩემდა გასაკვირად, შევიძინე. რა დამიტოვა წიგნმა? რამდენიმე თვეში რომ ვეცადო გახსენება თუ რა დამიტოვა წიგნმა, ალბათ ბევრი ვერაფერი. უფრო ჩემი ცხოვრების დღეები გამილამაზა, როცა თბილისიდან რაჭისკენ მომავალს მინდოდა გზაში წამეკითხა, მაგრამ მთელი 5 საათი მხოლოდ მზისგან დაისიცხა და მეტი არაფერი. იმ დღესვე “იძულებული ვიყავი” 20:00სთ-მდე წამეკითხა რაღაც ნაწილი მაინც, რათა ლიტჰაიკერის ტესტი მეწერა. ეს დრო ნამდვილად დაუვიწყარი იყო. წიგნი წყალივით იკითხება, თითქოს ავტორთან ერთად შენც მოგზაურობ მექსიკაში. შენც გიფუჭდება ფოტოაპარატი, რის გარეშე ყოფნაც დაუშვებელია. არც შენ იცი მობილურის გამოყენება, მეგობარი გიჯავშნის სასტუმროს თუ სხვ. შენც რჩები დერეფანში ტრუსების ამარა, კარი შიგნიდან გეკეტება და ელოდები როდის მოვა მარტინი, შინ შესვლა რომ შეძლო. “მექსიკური დღიურის” დაუვიწყარი პერსონაჟია მარიო, მაგრამ მაინც ვერაფრით გავიხსენე რომელი მანქანით მოაკითხა არჩილ ქიქოძეს პირველად მექსიკაში მოგზაურობისას(ტოიოტა ყოფილა). აი, ის კი დანამდვილებით ჩამრჩა გონებაში, ქიქოძეები კაშნეს რომ არასდროს იკეთებენ. სასიამოვნოა ნაცნობი სახელების შეხვედრაც წიგნში. ანა კორძაია-სამადაშვილი, დათო ტურაშვილი. ისინი გვადალახარას სტუმრობენ, რათა წიგნის ფესტივალს დაესწრონ. მეც მოუთმენლად ველოდები მაისის მიწურულს, რომ წავიდე თბილისის წიგნის ფესტივალზე, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ. ყოველივეს მიუხედავად, წიგნს უფრო კარგად რომ გავუგო ვიცი, კიდევ რამდენჯერმე უნდა წავიკითხო, თუმცა ჯერ არა, ჯერ სხვა რაღაცები დგას რიგში. ჰოდა, როგორც ტურაშვილი ამბობდა ხოლმე Viva Mexico, Cabrones!
ამ წიგნით ჩემი ახალი საყვარელი ქართველი მწერალი აღმოვაჩინე.მიუხედავად იმისა, რომ “ხვლიკი საფლავის ქვაზე” მანამდე უკვე მქონდა წაკითხული. არჩილი მაგარი ადამიანია, საძმაკაცო ტიპი, გულჩათხრობილი, გარემოზე დაკვირვებული და ადამიანის ხასიათის უბადლო აღმწერი, რომელიც მარტო ყოფნა და ფო���ოაპარატით ქუჩა-ქუჩა სიარული და ადამიანებთან ურთიერთობაც ერთნაირ სიამოვნებას ანიჭებს. ავტორი, თურმე, მწერალთან და მსახიობთან ერთად ბოტანიკოსი და კარგი ფოტოგრაფიც ყოფილა. შემდეგში, მის სხვა დღიურებსაც აუცილებლად გავეცნობი.
ბევრს ვერაფერს დავწერ, ორი ციტატით შემოვიფარგლები:
"მამაკაცებს თეთრი ტილოს ტანსაცმელი ემოსათ და ისევ ვინატრე ფოტოაპარატი, რადგან გარშემო სუფევდა სიღატაკე, რომელიც, სამწუხაროდ, უფრო ფოტოგენურია, ვიდრე კეთილდღეობა."
"პატიოსანი ადამიანის ცხოვრება უფრო იოლია, ყოველი სიტყვის აწონ-დაწონა არ უწევს, საკუთარ ტყუილებში რომ არ გაიხლართოს..."
ერთგვარი სამოგზაურო ბლოგების ლიტერატურულ კრებულში ასეთი ფრაზების შემოპარებასაც მოხერხება უნდა. პატიოსანი მწერლის ცხოვრება უფრო იოლია...
კიდევ ერთხელ მხვდა წილად არჩილ ქიქოძის ნატურალისტურ მემუარებში მემოგზაურა და მწერლის თავგადასავლების მოზიარე გავმხდარიყავი. თანმიმდევრული, სტრუქტურირებული წერა, სიუჟეტის აწყობა და სათქმელის ლაკონურად გადმოცემა, ეს კაცი თავის საქმის დიდოსტატია.
საინტერესო წასაკითხი იყო, კიდევ უფრო გამიმძაფრა მარტო მოგზაურობის რომანტიკა, მექსიკაში მოგზაურობის სურვილიც. ბერდვოჩერების ისევ არ მესმის და ალბათ ვერასდროს გავიგებ.