მგონია, ამ ძალიან ჭკვიან და ნიჭიერ მწერალს თავისუფალ დროში (სადაც არც მიგითითებენ, რა დაწერო, როდის დაწერო და არც დაწერილს დაგიმახინჯებენ, არ შეგისწორებენ და არც მის ტექსტს შეგიმცირებენ) რომ ეცხოვრა, მთლიან შედევრებს შექმნიდა; კიდევ უკეთესად დაწერდა, შეუზღუდავი გონებით დაწერდა. ყველა სტრიქონს, ყველა სიტყვას ისე დაწერდა, როგორც მას უნდოდა. მისი ნაწარმოებები უკლებლივ ყველა კი მიყვარს, მაგრამ მათი წაკითხვისას მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც ისე არ უწერია, როგორც მას უნდოდა-მეთქი. იქ ალბათ რაღაც შეუცვალეს, აქ რაღაც ჩაუსწორეს, იქ ის ამოჭრეს, აქ ეს შეუცვალეს... ასეა ამ წიგნშიც. ნოდარ დუმბაძის ბრწყინვალე სიმბოლიზმი კი არსად წასულა. აქაა. მისთვის ასე დამახასიათებელი, სასიამოვნო და გამართული, წყალივით ქართული ენით თხრობის სტილიც აგერაა. დაჯდები და სანამ არ მიხვალ ბოლო გვერდის ბოლო აბზაცამდე, ვერაფრით დაანებებ თავს. რამდენიმე მნიშვნელოვან თემასაც ეხება ავტორი. დღესაც, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ისევ ისე მნიშვნელოვანია ის თემები.