„მინდია არაბულის მოთხრობების კრებულში თავმოყრილი ტექსტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიური ნაწარმოებებია; თითოეულ მათგანში მოქმედება, თხრობა რადიკალურად განსხვავებულ დროსა და სივრცეში მიმდინარეობს, მაგრამ გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ამბებს რაღაც არსებითი აკავშირებს, ამთლიანებს. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობათა სიუჟეტები მკვეთრად არის დაშორებული თანამედროვეობას, სოციალურ რეალობას, ყველა მათგანი განსაკუთრებული მხატვრული სიღრმითა და ირონიით ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ჩვენს აწმყოს; პერსონაჟები, რომლებიც აქ გვხვდებიან, უძველესი ეპოქების ან ძალზე შორეული მომავლის ნაწილნი არიან, მაგრამ დაუძლეველი სიჯიუტით გვგვანან ჩვენ. შიში უცხოსადმი, სხვისადმი, რელიგიურ რელიკვიათა წარმოქმნის კარიკატურულობა, ტექნოლოგიების გავლენის შიშის აბსურდულობა და ა. შ. - ეს ის თემებია, რომლებიც წიგნში ენობრივი ექსპერიმენტებით, სტილიზების მეთოდებით და თხრობის განსაკუთრებული ტექნიკებით არის სიუჟეტებში გაშლილი“.
რომანების გვერდით მოთხრობები ყოველთვის იჩაგრება ხოლმე - მკითხველების სრული უმრავლესობა გვერდს უვლის ერთად შეკრულ მცირე ტექსტებს და ერთი მთლიანი, გაცილებით უფრო მოზრდილი ამბის წაკითხვას ამჯობინებს. დამსახურებასთან ერთად ელის მანროს, მოთხრობების კანადელ დიდოსტატს, 2013 წელს ნობელის პრემია ამ წარმოდგენის გასაბათილებლადაც გადაეცა - იმის აღსანიშნავად, რომ მოთხრობები ლიტერატურის არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია. სამწუხაროდ, ამის შემდეგ მოთხრობების მიმართ საერთო დამოკიდებულებაში დიდი ცვლილება მე არ შემიმჩნევია, ამიტომ დიოგენეს გამომცემლობის მხრიდან დასაფასებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართველ დებიუტანტ ავტორს მკითხველთან წარდგენის შესაძლებლობა სწორედ მოთხრობების კრებულით მისცა (გამომცემლობებზე მსმენია, რომ ხშირად დებიუტანტებს გამოსაცემად ჯერ რომანის დაწერას ურჩევენ და "მოთხრობები მერე").
იმ მკითხველების უმრავლესობა, ვინც ამ წიგნს გადაშლის, ლიტერატურული სიამოვნების მიღებასთან ერთად, ალბათ, იმაშიც დარწმუნდება, რომ კარგი მოთხრობების კრებული არაფრით ჩამოუვარდება კარგ რომანს.
ერთ-ერთ მოთხრობა გვიყვება აპოკალიფსურ სამყაროზე, სადაც ყველაფერი - სიტყვები, ნივთები, ქალაქები - ქრება. ზუსტად არ ვიცი, რატომ, მაგრამ მთელ კრებულს ნოსტალგიურობისა და სევდის ეს განწყობა დაჰყვება ჩემთვის: მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იუმორითა და ირონიით აღწერილ ამბებში შეიძლება გაგახსენდეს წარსული, ამოიცნო აწმყო და წარმოიდგინო მომავალი, გარდაუვალი ცვლილებისა და აურიდებელი დავიწყების ნაღველი გერევა.
თან ეს ყველაფერი ჟანრული მრავალფეროვნებითაა შესრულებული: სამეცნიერო ფანტასტიკის (ქრისტიანული მოტივებით), საშინელებათა ჟანრის (აუხსნელის მიმართ შიშით) და ფენტეზის (ქართული მითოლოგიის გახსენებით) ელემენტებით აგებული თითოეული მოთხრობა ძალდაუტანებელი კითხვის პროცესში ეგზისტენციალურ საფიქრალსაც გაგიჩენს.
ამ კრებულში ყოველი ამბავი შესანიშნავია. ყოველი ამ ამბის დასასრულიც - არანაკლებ. მათ შორის, ყოველი ამბის დასასრულის დასასრულიც. საკუთრივ ყოველი ამბის დასასრულზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
თუკი მაინცდამაინც ერთი მოთხრობა იქნება რატომღაც გამოსაყოფი, ჩემი ფავორიტი მაინც კოღოა. უბრალოდ ერთობ მოკლე რივიუს პირველი აბზაცის ჩასახლართად კოღო ნაკლებ გასაქანს იძლეოდა და დასაწყებად ყოველი ამბის დასასრული ვარჩიე.
ზოგადად კი თუ მკითხველთა იმ რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც მოთხრობათა კრებულები დიდად არ ხიბლავს და რომანების კითხვა ურჩევნია, რეკომენდაციას გავუწევდი, რომ ამ არჩევანზე, მინიმუმ, ას ოცდათოთხმეტი გვერდის განმავლობაში მაინც გეთქვათ უარი 🤓
საგრძნობლად არის გაზრდილი თანამედროვე ქართული პროზის დონე და მაგ ფაქტის დასამოწმებლად მარტო ის კმარა, რომ ვერც ამ წიგნმა და ვერც "მარგალიტებმა" ვერ მოიგო საბას დებიუტი. რაც მთავარია, ის ბანალურობა თუ შაბლონურობა, რასაც ხშირად ვხვდებით ხოლმე დებიუტანტ ავტორებთან, საერთოდ არ იგრძნობა, პირიქით საკმაოდ დახვეწილი, გემოვნებიანი და ორიგინალური ტექსტებია, განსაკუთრებით "კოღო" და "ყოველი ამბის დასასრული". მე ბევრად მირჩევნია მოთხრობები, რომლებიც გარკვეული სიუჟეტური ძაფით არიან ხოლმე დაკავშირებულნი და ამ კრებულს ნამდვილად აქვს ეგ თვისება, იქნება ეს რელიგიური თემატიკა, თბილისის საცობები, თუ ჩვენებური ხალხის სხვა ყოფითი პრობლემები. ბრავო ავტორს, ჯერ მარტო ლავკრაფტის პათოსის დაკავშირება მცხეთა-თბილისის ეპარქიასთან რად ღირდა.
ძალიან კარგი მოთხრობებია... ისეთი, რომ კითხვისას ფიქრობ - ეს კონკრეტული მოთხრობა საუკეთესოა კრებულში, მერე შემდეგს აღმოაჩენ და ასე მიდიხარ დასასრულამდე. განსხვავებულ თემებზეა და განსხვავებულად კარგია, მაგრამ თან ერთიანიც. სამწუხაროა, რომ ყოველი ამბის დასასრულივით, ეს ამბებიც მალე დასრულდა.
მოთხრობების კრებულის კითხვისას ჯიუტად ვცდილობ ერთმანეთთან დავაკავშირო ისინი, ჰოდა ეს ახირება ვატყობ ჩვევად მექცა და აქაც ვცადე, მაგრამ იმდენად ყველაფერი მოიცვა ამ 130-მა გვერდმა რომ ერთი საერთოს პოვნა გამიჭირდება. თანამედროვე მოთხრობებს კი შეეტყობათ ხანდახან პრემიისთვის დაწერილები რომ არიან, ეგებ რამეს გამოვკრათ ხელიო, მაგრამ ყოველი მოთხრობის დასრულებისას კი არა, კოღოს მერეც მარტივად შეიმჩნევა რომ ასე აქ არაა, სამწუხაროდ პრემიაც ვერ მიიღო ამ წიგნმა, არ ვიცი, გული მიგრძნობს რომ ცოტა უსამართლოდაც, მაგრამ პრემია იქეთ იყოს და მშვენიერი წიგნი აქვს თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ამ კრებულის სახით. აი, სათქმელიც აქვს და ამბობს კიდეც, თან სულ სხვადასხვანაირად, ეგეც პლუს ოსტატობა. მე ბატონი ხვთისო მიკითხავდა ქართულ მითოლოგიას, ჰოდა იახსარში ხვთისოს გაჟღერებამაც გამახარა :დ პ.ს.მატარებელში წავიკითხე ბოლო სამი მოთხრობა, ბავშვი ახმაურდა, გავიკეთე ყურსასმენი და ვკითხულობ ჩემთვის, მივადექი ბოლო მოთხრობასაც და სფოთიფაიმ ლეფთოვერსის საუნდრეკი ჩამირთო.. რაღაცა არსებობს. კოღოს მოკვლისას აწი ყოველთვის გამეღიმება.
სასწაულად მაგარი კრებულია. უმაგრესი მოთხრობები. “კოღო” და “იახსარი” ჩემი ფავორიტებია. რო კითხულობ და თან ბედნიერი ხარ რო ქართული ტექსტებია, აი ისეთი ლიტერატურაა.
ეს უფრო სავარჯიშოებია წერის ოსტატობაში, ვიდრე სხვა რამ. მოდი, ეს ვცადოთ, ახლა ეს, ახლა - ისიც და ა.შ. კარგი მოთელვაა რაღაც უფრო დიდისთვის. რა და როგორი იქნება ეს "დიდი" ჯერ დაახლოებითაც არ ჩანს. რის მოყოლას ცდილობს ავტორი, გარდა იმისა, რომ მახვილგონიერი და ფრიად ნაკითხია. ალბათ, უფრო დამტკიცებაა - წერა შემიძლია. ამ მიზანს მშვენივრად ასრულებს ეს კრებული. სავარჯიშოები მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ მანდ დარჩენა არ ღირს. არც დარჩება, ალბათ. აღდგომა და ხვალეო. ვნახავთ.
ძალიან აწია ავტორმა ქართული თანამედროვე პროზის თამასა ამ კრებულით, ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური, ინდივიდუალური და საოცრად ლამაზი მეტაფორული თხრობის ნამუშევარია, რაზეც ხელი მიმიწვდება.
ასეთი რამე მემართება - ზოგიერთ წიგნზე საუბარი უბრალოდ არ მინდა, განა არ შემიძლია, თითქოს რაღაც ჩემდა დამოუკიდებეკი მექანიზმი მიბორკავს ხელებს და ვეღარ ვწერ მერე, არ უნდა ვწერდე.
არ ვიცი, ამ კონდიციას რა განაპირობებს, მართლა. იმიტომ რომ ბევრი შთამბეჭდავი ნამუშევარი წამიკითხავს, ემოციური სიმწიფეც რომ არ აკლდა, მაგრამ მისაუბრია, მდომებია საუბარი და დისკუსია. თუმცა ეს კრებული იმ ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც სათუთად, სიამაყითა და სითბოთი ვასვენებ ჩემი ოთახის ფანჯრის რაფაზე და ადამიანებს მასზე არ ვესაუბრები.
ალბათ ასეთი წიგნებია ყველაზე ინტიმური და ყველაზე მეტაფორული, არ ვიცი
These sci-fi and fantasy stories all manage to evoke an uncanny sense of reality and identity, which is a marvelous accomplishment. სხვა მოთხრობები რომც არ იყოს, მარტო "იახსარი" იმსახურებს ისეთ შეფასებას რომელიც რიცხვებით არ გადმოიცემა. ყველა მოთხრობა ეხმიანება სინამდვილეს, რომელსაც ფანტასტიკური ელემენტები ამღვრევის ნაცვლად უფრო გამჭვირვალეს ხდიან.
ტექსტები, რომლის კითხვის დროს და შემდეგ ჩემი სიტყვები დამავიწყდა და ჩემი აზრებიც მანდვე მიყვა. ვერაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მსგავსი არაფერი მინახავს, მომისმენია, გამიაზრებია და შემიგრძნია
აი, ისეთი ნაწერია, ყველა სიტყვაზე რომ იფიქრა ავტორმა. რაღაც სიტყვებზე ეგრევე ვიფიქრე ეს რა ჭკვიანურად გამოიყენა, მე არც მომაფიქრდებოდა ამ სიტუაციაში ამ სიტყვის დაწერა მეთქი. პრინციპში, თუ გავითვალისწინებთ, რომ მე საერთოდ არ ვწერ, რატო უნდა მომფიქრებოდა. იდეებიც ძაან მომეწონა. რაღაცნაირი, უკომპრომისო იდეებია.