პერსონაჟები - ქალაქად თუ სოფლად მცხოვრები ქალები, კაცები თუ ბავშვები, ცხოველები, ფრინველები და მცენარეებიც, - გულითა და ფიქრით უდიდეს სევდას, სიხარულს, სიყვარულს, მარტოობას, ოცნებებს დაატარებენ და მკითხველსაც უაზიარებენ
კრებულის სარჩევი
პატარა ბიჭი გოლგოთაზე ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე? კოშკი, კარი რომ აღარ აბია არსაით ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება ლარა ლამაზი ცრემლები კიტრის ქურდი ძალიან უბრალო სიმღერა თოვლი ჩიტების გამომზამთრებელი იმედის ჩიტები უკუღმა დაჭედილი ბღუკები ცეტები საბრალო ბიძაჩემი ჩაჩაურის წასვლა მარტოობის სიმღერა ხელისგულებით ნალესი ქოხი დათია და გოგია შუშის ნამსხვრევი როცა ტყეს ძარცვავენ… წისქვილში რომ წავედი ზამთარი შავი ალაყაფი წვეთები ფოთლებზე ქრისტეს პერანგი უშიშარი ბიჭი იოსება ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი დედა შველი ზამთარში თეთრი ყანჩა შორი თეთრი მწვერვალი ღორის დაკვლა მგლის მოკვლა არაგვი წმინდა წყალია
რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა. 1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში (1943–45) მუშაობდა 31-ე ქარხანაში. შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე. 1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”. 1966 წელს გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში. 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ "დილას" რედაქტორი. პირველი მოთხრობა "სახსოვარი" გამოაქვეყნა ალმანახ "პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული "პირველი მოთხრობები" – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მიუხედავად იმისა რომ, რეზო ინანიშვილი თითქმის მთლიანად წაკითხული მაქვს და სახლში შემოდგომასავით ჩაყვითლებულ მის ახალ ექვსტომეულთან ერთად, კიდევ რამდენიმე ძველი და ყდაშეცრეცილი წიგნიც გვიდევს, წიგნის მაღაზიაში შესული თუკი მის რომელიმე ახალ გამოცემას წავაწყდი, აუცილებლად გადავშლი და მოთხრობების სათაურებთან ერთად, ერთ-ორ აბზაცს თვალს ჩავკრავ ხოლმე. ახლაც ასე მოვიქეცი და როგორც კი სათაურები ჩავათვალიერე, მივხვდი - ამ წიგნს (რომლის ყველა მოთხრობაც სახლში გვაქვს) მაინც ვიყიდდი. იმიტომ რომ ეს კრებული აშკარად ისეთი ხალხის შედგენილია ვინც კარგად იცის და ვისაც უყვარს რეზო ინანიშვილი და ამ კოხტა და ლამაზყდიანი გამოცემისთვის გულით და გემოვნებით შეარჩია ის მოთხრობები, რომლებსაც ასე კარგად შეუძლიათ მკითხველს შეაგრძნობინონ რას ნიშნავს მართლა მაგარი მწერლის ყოლა. წამით კი დამწყდა გული, რომ კრებულში ვერ წავაწყდი "თებრო"-ს, "გმინვა"-ს, "ცოდვა დიდისა"-ს და კიდევ რამდენიმე ჩემთვის ძვირფასს მოთხრობას თუ ჩანახატს, მაგრამ მეორე წამს ეგ გულდაწყვეტა სიამაყემ შემიცვალა, დიდი მწერალი ხომ უბრალოდ ვერ ეტევა ერთ, თუნდაც ძალიან მაგრად შეკრულ წიგნში.
გაოცებული ვარ იმით, თუ რაოდენ ძლიერი მწერალი გვყოლია ინანიშვილის სახით <3 ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობების კრებულია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს, ადამიანური ტრაგედია, სიხარული, ბედნიერება, ეგოიზმი, სილაღე ამ შესანიშნავად შედგენილ კრებულში აბსოლუტურად ყველაფერს შეხვდებით ისეთს, რასაც კარგი წიგნისთან მოვითხოვთ ხოლმე.
დაუფიქრდით და ნახავთ რამდენ რამეს ამოიკითხავთ,შეიგრძენით და გაიაზრეთ ის რასაც წაიკითხავთ. ყველაზე მთავარი...ისწავლეთ,ეძიეთ ღირსებები,გაარჩიეთ დიალოგები და იმსჯელეთ თითოეული პერსონაჟის ხასიათასა და საქციელზე, მერე ნახავთ რამხელა სიამოვნებას და თავისუფლებას იგრძონობთ.
რევაზ ინანიშვილის მოთხრობების ეს კრებული (სულაკაური, 2021) კონკრეტული მიზნით წამოვიღე საქართველოდან - ხან რომ მომენატრება საქართველო და თბილისი, მომინდება წავიკითხო რაღაც ქართული, არა ნათარგმნი, თან თითქოს მარტივი, ამავდროულად ღრმა, უბრალოდ ლამაზი პროზა.
ხოდა დღეს ეგეთი დღე იყო, ზამთრის პირველი დღე, მზიანი და სასიამოვნო, როგორიც ზაფხულის პირველი დღეა ხოლმე თბილისში. სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში მზის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით, მაგრამ აი სუსტი, არამწველი და ყველაფრის არამადუღებელი ზამთრის მზე იშვიათია და სულ რამდენიმე კვირას თუ გრძელდება. ასევე იშვიათია ჩემი შვილის მიერ მონიჭებული რამდენიმესაათიანი შესვენება უქმეებზე, როცა ვეღარ უძალიანდება თავს და შუადღეზე დაიძინებს ხოლმე. ხოდა ამ პრივილეგიებით განებივრებული, ღუმელში ვახშამშედგმული ქალის თავდაჯერებით ჩამოვჯექი ვერანდაზე და დავიწყე ამ 7 ლარად შეძენილი კრებულის კითხვა.
ხოდა მოიტანა. ზუსტად ის ემოციები, რისი იმედითაც წამოვიყოლე თან. როგორი ენით წერს, მარტივად, თითქოს არაფერიაო და ამ დროს როგორი თემები აქვს. თან ზოგი ნაწარმოები ისეთი რელევანტურია დღეს, 2024 წლის მიწურულს, როცა ჩვენი პატარა ქვეყანა აგერ უკვე მერამდენე ახალ პოლიტ-ქარბორბალაშია გახვეული და თან თითქოს არაფერი იცვლება, ისევ იგივე ჩექმის ქვეშ ვართ.
ამონარიდი მოთხრობიდან "პატარა ბიჭი გოლგოთაზე": მამაც დაიჭირეს, პაპაც და ბიძაც. დაიჭირეს ქვეყანაც. - რაღაცა გეშლებათო - ვნახავთო, ვის რა ეშლებაო. ...ამისთანა რამეებზე, თქვენც მოგეხსენებათ, არსად არასოდეს არ ლაპარაკობენ შვილები მშობლებთან...
"ლარა" - ასევე გულის განმგმირავი და უცნაურად რელევანტური ნაწარმოები.
"ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება" - ვერაფრით იფიქრებ რომ ეს კაცის დაწერილი მოთხრობაა, იმდენად კარგად გადმოსცემს უიმედოდ შეყვარებული ახალგაზრდა ქალის ემოციებსა და ფიქრებს. ალის მუნრო, ჩემი საყვარელი მოთხრობების მწერალი მომაგონა ამ ნაწარმოებმა.
და მაინც, ვითომ დაფრთხებოდნენ დამბაჩის ხმაზე ყვავები?