მომეწონა, კარგი კრებულია.
"თეთრი საყელოთი" რატომღაც ისე ვერ აღვფრთოვანდი, როგორც მოველოდი, მაგრამ იყო საინტერესო მომენტებიც, ჯერ მარტო ამდენი მითოლოგიური გმირის შესახებ წაკითხვა რად ღირს. გარდა ამისა, ძალიან ნიშანდობლივი იყო მთავარი პერსონაჟის გაუცხოება კაცისა და ქალის თანასწორობის ისეთი მოცემულობისგან, სადაც ქალებს უფლებები აქვთ, კაცებს კი ვალდებულებები; ამ მხრივ, ძალიან მესმის მთავარი პერსონაჟის და ბუნებრივი იყო, რომ ამ დამახინჯებულმა იდეამ ვითომ ლიბერალური დამოკიდებულება თანასწორობისადმი და მასთან დაკავშირებული "ქალაქური ცხოვრება" შეაძულა. თბილისში და საკუთარ სამყოფელში დაბრუნებამ, მიუხედავად "წიკლაურად" ქცევის არაერთი მცდელობისა, ო'ჰენრის ერთი მოთხრობა გამახსენა მსგავს საკითხზე (თუ სახელი გავიხსენე, დავწერ) და ასევე "მიწის ყივილიც".
ო'ჰენრისთან დაკავშირებით,ერთ დროსა და ერთ ადგილას :დ განხილვა იყო, რამდენად შეიძლება ადამიანმა ისე მიიღო სხვა კულტურა, რომ შენს მშობლიურ კულტურას "ხაზი გადაუსვა" და დაივიწყო, მთლიანად ახალ ადამიანად იქცე ახალი ჩვეულებების გავლენით და თუ არ მოგცემია საშუალება, რომ სხვა რეალობის, ადათ-წესების ნაწილი გამხდარიყავი, როგორ გეცოდინება, საერთოდ არის თუ არა საკუთარი, მშობლიური კულტურა ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონს?!
მაშინ გამოვთქვი მოსაზრება, რომ ადამიანს თუ არ მიეცა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ვერასდროს მიხვდება, რომ შესაძლოა, სხვა რეალობაში და სხვა სივრცეში უკეთესად, მისი ემოციური საჭიროებების უზრუნველყოფის პირობებში ეცხოვრა. ახლა ეს მსჯელობა ნაწილობრივ არასწორი მგონია, რადგან რაღაც მოვლენები, ქცევები, რომლებსაც ბავშვობაში შევსწრებივართ, ისე ილექება ადამიანის ცნობიერებაში და ზოგადად, იმდენად აყალიბებს ადამიანს, რომ შეუძლებელია სრულად მისი გონებიდან ამოშლა, იდეოლოგიურად როგორც არ უნდა მოსწონდეს განსხვავებული წესებით ცხოვრება. ვფიქრობ, ეს საკითხი საკმაოდ კარგად არის გადმოცემული "თეთრ საყელოში".
რაც შეეხება მეორე მოთხრობას, "კურდღელს", საკმაოდ ემოციური იყო ჩემთვის. ძალიან განვიცადე სიდონიას მდგომარეობა და მგონია, რომ ზოგადად დედებისთვის ბევრად უფრო მძიმე წასაკითხი იქნება. სულმოუთქმელად ვკითხულობდი და დასასრულს ისეთი გრძნობა დამიტოვა, რაღაცის რომ ძალიან გეშინია, რომ არ მოხდება და შვებით ამოისუნთქებ. ფსიქოლოგიური კუთხითაც საკმაოდ საინტერესო იყო.
P.S. ვინც ბოლომდე წაიკითხეთ, მადლობის მეტი რა მეთქმის.