„დიდი ქალაქი, კარგი ბიჭი, განცდები, ციხე და ბედისწერა. ამ წიგნის ამბები სწორედ ბედისწერის და მასთან ბრძოლის, ან ვერბრძოლის ამბებია. ვგრძნობთ და ვიცით, რომ ახალგაზრდები სხვანირად ხედავენ, განიცდიან, წერენ. მათეც თავისი თაობის ადამიანია: რომანი, მისი თვალთახედვით, ტკივილით, რაღაცნაირი მდუმარებით მოთხორბილი აუტანელი თავგადასავალი გამოსულა. თუმცა, ეს აუტანლობა, ძალიან ჩუმიცაა ხოლმე, უჩინმაჩინში გახვეული. ეგებ ეს დიდი ქალაქის მივიწყებული შვილების, ათიათასობით შეუმჩნეველი სულის მონათხრობიც იყოს. დანარჩენი კი დამწერის და მკითხველის საქმეა: მიღება, განცდა და თანამონაწილეობა.“
აკა მორჩილაძე
„მივიწყებულნი“ მათე სარალიშვილის სადებიუტო რომანია. წიგნის მთავარი გმირი, 27 წლის ლუკა, ცხოვრებისგან აღარაფერს ელის – წარსულში გადატანილი ტრავმის შემდეგ მისთვის ყველაფერი ერთფეროვანი გამხდარა.
ერთ დღეს მანქანაში მძინარეს მოულოდნელად კივილის ხმა გამოაფხიზლებს. ეს ხმა ლუკას ყოველდღიურობას თავდაყირა აყენებს და დააფიქრებს წარსულზე, სიყვარულზე, მშობლებზე და ბავშვობის დროინდელ მეგობარზე. ის იძულებულია, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, გაისროლოს ისარი თუ არა?
მათე სარალიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტია. გამოცემული აქვს ლექსების კრებული და ერთი ვრცელი პოემა სახელწოდებით „საკურთხეველი“ (2019), რომლის მიხედვითაც დაიდგა სპექტაკლი „თავისუფალი სივრცის თეატრში“.
ეს წიგნი ჩვენზეა, ჩვენზეა, ვინც ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ბრმები ვართ, რადგან ვერ ვხედავთ ჭაობაში როგორ ვიხრჩობით; მათზე,ვინც საკუთარ ნაჭუჭში ვართ გამოკეტილნი და არ ვუწყით, რას ნიშნავს სხვისი ტკივილი, რადგან ჩვენი ტკივილითვე ვართ შემოსილნი... იმათზე, ვინც უსამართლობას ვხედავთ, მაგრამ ძალა არ გვყოფნის უსამართლობას გავუმკლავდეთ ან მის წინააღმდეგ ხმა ამოვიღოთ, რადგან თავად ვართ ამ უსამართლობის მსხვერპლნიც და შემომქედნიც...
ეს წიგნი მათზეა, ვინც დავივიწყეთ და გავაქრეთ ჩვენი მეხსიერებიდან, რადგან დავნებდით და აღარ ვიბრძოლეთ მათი სიცოცხლისათვის...
ეს წიგნი ეკუთვნის ყველა ახალგაზრდას, მოხუცსა თუ პატარას, ვისაც ვერ ვიცავთ და ზურგს ვაქცევთ...
მე აქ ჩემი თავი და სხვა ჩემს გარშემო მყოფი ადამიანი ამოვიცანი.
მიხარია, რომ პირველი ვარ, ვინც აქ ამ წიგნს აფასებს. ნაწარმოების დეტალურად განხილვას არ დავიწყებ, მაგრამ ვიტყვი, "მივიწყებულნის" ერთ-ერთი ღირსება ის არის, რომ აქ ყველა პერსონაჟი საოცრად ნაცნობია, ჩვენს მეგობრებს, ნათესავებს, საკუთარ თავსაც გვაგონებენ. სიუჟეტი თანამედროვე საქართველოში, თბილისში ვითარდება და თითქმის ყველა ის პრობლემაა წარმოჩენილი, რაზეც ადამიანებს ფიქრი უწევთ: გაჭირვება, უსამართლობა, ქალების მიმართ ძალადობა, ჰომოფობია, ძალაუფლების წყურვილი, ციხეებში გამეფებული სისასტიკე და სხვა. "მივიწყებულნი" ალბათ ყველაზე მეტად იმ ადამიანებს ეძღვნებათ, ვინც უსამართლო სისტემასთან ბრძოლას თავი შესწირა და ვისი სახელებიც ხშირად დავიწყებას ეძლევა ხოლმე. ავტორი ახერხებს და თითქოს ჩვენს ცხოვრებაში შემოჰყავს პერსონაჟები, რომლებითაც ისედაც სავსეა ქუჩები, სახლები, სკოლები, მაგრამ როგორც წესი მათ ვერ ვამჩნევთ ხოლმე... მკითხველს კარგად დაამახსოვრდება მათე სარალიშვილის წიგნის სიუჟეტი და პერსონაჟთა ხასიათები; ხანდახან მხატვრული ლიტერატურა გვახსენებს იმას, რისი დავიწყების უფლებაც არ გვქონდა.
მათეს აქამდე შორიდან ვიცნობდი. ახლა უკვე ახლოდანაც ვიცნობ, რაც მეტად მახარებს. თუმცა, აქედან გამომდინარე, ერთგვარად რთული ხდება, ვიყო "ობიექტური". პრინციპში, ტექსტისა და მკითხველის ურთიერთობა მეტად სუბიექტური ამბავია. ასე რომ, თამამად! ძალიან ბევრი ნაცნობი რამ იყო ჩემთვის ამ წიგნში. ვეჭვობ ყველა თქვენგანისთვისაც, ვინც ოდნავ მაინც ადევნებს თვალს ჩვენს ირგვლივ დამყარებულ უსამართლობას, სიმხეცესა და უკანონობას. ეს სოციალური ამბები გასაგებია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი მაინც მათეს ( უფრო სწორედ მთხრობელის) შინაგანი დიალოგი იყო საკუთარ თავთან და გარემოსთან - ეს მეტად ფაქიზი ფსიქოლოგიური დეტალები, მოყოლებული ბავშვობიდან, რომელთაგან ზოგი ჩემთვისაც ნაცნობია. მე ლიტ. კრიტიკოსი არ ვარ და იმაზე ვერ არ დავიწყებ, როგორია რომანის არქიტექტონიკა, რომელი გმირი ღრმაა და რომელს ცოტა უჭირს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვულოცავ მათეს ამ წიგნს. პირველი წიგნი პირველი ბავშვივითაა :D
ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიცა. ლუკას საინტერესო ისტორია თითოეული ჩვენგანის გულს შეეხება. მთავარი პერსონაჟის ადგილას კი თავს ძალიან მარტივად დავაყენებთ, რადგან წიგნი ჩვენზეა. ადამიანებზე, რომლებიც 21-ე საუკუნის საქართველოში ვცხოვრობთ და ჩვენს გარშემო გამეფებული უსამართლობა ყოველ დღე გვაწნის სილას.
მთავარი ნარატორის განვითარება: 4/5 ქალი პერსონაჟის განვითარება 2/5 საკითხის აქტუალობა 5/5 საერთო ჯამში: 3.6/5
ეს არის ძალიან ემპათიური წიგნი ძალიან დროულ საკითხზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ბევრი უნდა წერონ ნამდვილ პრობლემებზე: სოციალურ თემატიკაზე, სასჯელაღსრულების სისტემაზე, პატიმრებზე, პიროვნების განვითარებაზე ქართველ საზოგადოებაში. სიმძაფრე არის ძალიან კარგად წარმოჩენილი. ერთადერთი ინდივიდუალური პერსონაჟების სახე შეიძლება მეტად დაიხვეწოს. შედარებით ადამიანური და განვითარებულია მამრობითი გენდერი წიგნში, ძალიან, ძალიან დამაკლდა ეს მდედრობითი სქესის პერსონაჟში. უფრო სტეეეოტიპულია და მამრობითი გენდერული გადმოსახედიდან აღქმული. ამ მხრივ, მეტი მუშაობაა საჭირო. საერთო ჯამში, ქალის სახე არის სუსტი. თუმცა, წიგნი ცალსახად სოციალური საკითხის აქტუალობაზეა, რაც ძალიან დასაფასებელია. არაუშავს. პირველი ჯერისთვის. მჯერა, რომ მეტ საინტერესო ტექსტებს შემოგვთავაზებს ავტორი, ვაგრძელებ კითხვას.