"საით მივდივართ? - მარად შინისაკენ!" - ნოვალისი.
"სამყარო ცეცხლწაკიდებულ სახლს ჰგავს, ხოლო ადამიანები ბავშვებს, რომლებიც თამაშს განაგრძობენ და ხანძარს ვერ ამჩნევენ"- ბუდა.
"რაც უფრო მორალურია ადამიანი, მეტად მუქი და გრძელია მისი ჩრდილი" - იუნგი.
"ჩვენ უნდობლობა გვაქვს ყველა იდეალის მიმართ, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ მსხვრევად, დანაწევრებულ გარდამავალ დროში თავი შინ გვეგრძნო. მაგრამ რაც ამ „რეალობებს“ შეეხება, არ გვჯერა მათი დღეგრძელობისა. ყინული, რომელიც დღესაც ზიდავს მათ, უკვე ძლიერ დათხელდა: ქარი ქრის, ჩვენ თავად, ჩვენ უსამშობლონი, ვართ რაღაც, რაც ყინულსა და დანარჩენ ყოვლადთხელ „რეალობებს“ ამსხვრევს..." - ნიცშე
ნიკას ვეუბნებოდი (ვიდრე კითხვას დავასრულებდი), ვკითხულობ და კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რამდენად განსხვავებული არის მეთქი ადამიანის გარეგანი ცხოვრება, როგორც ჩვენ ვხედავთ მას, როგორც იჭრება იგი ჩვენს ცნობიერებაში და როგორი განსხვავებული და ავტონომიურია იმავე ადამიანის შინაგანი/მშვინვიერი ცხოვრება. ცხადია, მაქსიმალურად ვცდილობდი შემეკავებინა თავი, მთავარი გმირისა და ნიკას გაიგივებისაგან, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, ჩემთვის ნაცნობი ნიკა, მისი ცხოვრების ამბები, როგორ აირეკლა დევნილის ისტორიაში. მახსენდებოდა ჩვენი ბაასები, განსხვავებული ფილოსოფიური და მსოფლხედველობითი პოზიციები და ყველაფრიდან გამომდინარე - როგორი ნაცნობი ტექსტი მიჭირავს ხელში! როგორი სავსე ნაცნობი გამოცდილებით. საამოდ გაკვირვებული ვარ (ვიცი, ეს გაკვირვება ნიკოლოსს არ ეწყინება).
წიგნი დევნილზეა, ლტოლვილზე, რომელსაც "შინ" არ გააჩნია, რადგან იგი ცეცხლს მისცეს, ცეცხლს მისცა მან, ვინც მისი უძველესი მდევარია, გამოცდილი მონადირე, ვისაც არ აშინებს სიცივე, შიმშილი, ქარიშხალი და ისეთივე მოხერხებულია, როგორც თავად უსახელო დევნილი. მკითხველმა არ იცის, რატომ სდევნიან დევნილს, ამას გვიან იგებს. მკითხველმა არ იცის საით გარბის დევნილი და იმასაც იგებს, რომ იგი უმიზნოა - ვეღარც წარსულისაკენ ბრუნდება და მომავალშიც არაა მისი მიზანი, თვითმიზანი მხოლოდ ეს დევნაა. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გმირს აკლია თვითრეფლექსია და ასეცაა. თვითრეფლექსია, მჭვრეტელობა, მოითხოვს შესვენებას, დისტანცირებას, რისი დრო და საშუალებაც დევნილს არ აქვს. იქი მუდამ ქმედებაშია ჩართული, უნდა გადარჩეს, ხოლო ეს ქმედება, ეს ხეტიალი, ეს სირბილი არაფრისმთქმელი და უსაზრისოა. კადრებად გარბიან მეხსიერების ნაგლეჯები, მაგრამ სწრაფადვე იკარგებიან - სახიფათოა, შეიძლება ამ დროს ჩაავლონ!
რაღაცით წიგნი კლასიკური Bildungsroman-ის მოტივებზეა აგებული. გმირი ინიციაციის გზას გადის. იგი უნდა გახდეს ქურდი, მკვლელი, მიუსაფარი, პირუტყვი, მადლიერი, უმადური და ა.შ. ვიდრე არ მიხვდება, ვიდრე მასში თვითცნობიერება არ გაიღვიძებს და არ ეტყვის, რომ ყველაზე საზარელი მტერი, მისი ჩრდილია, მისი მეა, მისი პრეისტორიული არქეტიპული, ან ბავშვობაში ჩარჩენილი მეა, რომელიც დევნის, რადგან არ აღიარებენ, რადგან არ უყვართ, რადგან ეშიანიათ მისი.
დევნა სრულდება, როდესაც ცხადი ხდება, რომ არსებობს შინ და შინ მხოლოდ ჩვენშია და იქამდე ვერ მივალთ შინ, ვიდრე ჩვენს უმუქეს და უსაზარლეს ჩრდილებს არ შევურიგდებით. ვიდრე არ შევძლებთ, ვუთხრათ - "დარჩი".
P.S. სამწუხაროდ და ამდენადვე, საბედნიეროდ, წიგნი ალბათ განწირულია იმისთვის, რომ ბევრმა მალევე გადადოს გვერდით, ან დაასრულოს და თქვას - ეს რა წავიკითხე? რისთვის დავკარგე დრო? ვფიქრობ, ამ წიგნისათვის ეს დიდი პლუსია.