ყაზბეგს არ ვწყალობ, მაგრამ ეს მართლა რა კარგი რამე დაუწერია…
ამ რამდენიმე გვერდში ზუსტად წარმოაჩინა ქართველი თავადი კაცი, ქალი, ამაყი მსახური და ღირსეული მტერი. საოცარია, ასე აღწერო ეგოცენტრული ქალის სახე და ზუსტად დაასახელო გამიჯნურებას მოყოლილი ავადობის მიზეზები. ელეონორასაც რომ თავი დავანებოთ, ნათლად დავინახე სიგიჟემდე შეყვარებული კაცი და ახლაღა გავიგე მისი. ახლა მივხვდი, რატომ არის შეუძლებელი სხვას მითხოვებული საყვარელი ქალის ქმრის ცოცხლად დატოვება.
,,ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს.”
აი, რისთვის იყო მზად ასლან გირეი. აი, რაზე იყო წამსვლელი. და, თავის მხრივ, ელეონორამ რა დათმო თავმოყვარეობისა და ქედმაღლობის გამო… ამ ქალისა და მისი ღირსეული მსახურის, კრეჭიაშვილის, გარეგნული კონტრასტი კიდევ იმპულსია, რომ მათი შინაგანი სილამაზეც ასევე თვალშისაცემად განსხვავებულია ერთმანეთისგან.
,,-საზიზღარი ხარ, მაგრამ მაინც მიყვარხარ!.. მიყვარხარ და უშენოდ ცხოვრება არ შემიძლიან!..”
რა გითხრათ, წესიერი რივიუ რომ შემხვედროდა, ამ მონაჩმახს არ დავწერდი. მენანება გულწრფელი შეფასების გარეშე, იმიტომ რომ მართლა წასაკითხია, მით უმეტეს, როცა ქართული ლიტერატურა გიყვარს კაცს.