ეს წიგნი ჩემი გაფანტული ნაწერების თავმოყრის მეორე ცდაა (პირველი ცდის შედეგი 2006 წელს გამოვიდა, „პირადი ბიბლიოთეკა“). ახლო მომავალში ალბათ კიდევ ერთიორი ასეთი წიგნი გამოვა – სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ბლოგები, სტატიები, ესეები, კრიტიკული გამოხმაურებები. ამათ რომ მოვუვლი, იმედი მაქვს, საგროვებელი და თავმოსაყრელი ტექსტების გარდა გაბმული ტექსტებისთვისაც მოვიცლი. აქ მხოლოდ ბლოგები, ესეები და რამდენიმე მიმოხილვითი წერილია შესული. კრიტიკა ცალკე წიგნად დაიბეჭდება, არ მინდოდა ზედმეტად აჭრელებულიყო წიგნის ისედაც ჭრელი თემატური შემადგენლობა.
„მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან“ რამდენიმე ნაწილისგან შედგება, აქაა ავტობიოგრაფიული ესეებიც, ბლოგები ლიტერატურაზე, მწვავე გამოხმაურებები მედიის, კულტურისა თუ პოლიტიკის საკითხებზე, მიმოხილვები (2008 წლის ომისადმი მიძღვნილი ორი დიდი მიმოხილვა, რომლებზე მუშაობის დროსაც აუარება თემაში და პუბლიკაციაში გავიხლართე), ლიტერატურული ენტომოლოგია, ქალაქი და ალტერნატიული ქალაქი, ეკოლოგია და ყოფითი ცხოვრება. ბლოგების დიდი ნაწილი რადიო „თავისუფლების“ საიტზე გამოქვეყნდა, დანარჩენები კი სხვადასხვა ელექტრონული თუ ბეჭდური გამოცემისთვის დავწერე. მალხაზ ხარბედია
მალხაზ ხარბედია დაიბადა 1974 წლის 27 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1998 წელს დაასრულა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კლასიკური ენების განხრით. არის ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი. ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" და „არილის“ მთავარი რედაქტორი. „ღვინის კლუბის“ დამაარსებელი და პრეზიდენტი. გაზეთ "მარანი-Weekend"-ის მთავარი რედაქტორი. WSET-ის (Wine & Spirit Education Trust) 3-ე დონის სერტიფიცირებული ღვინის პროფესიონალი. 2007 წელს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა" ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა კრებულისთვის „პირადი ბიბლიოთეკა"