აკა მორჩილაძის ეს რომანი კარგი რომანია. როგორც სჩვევია, მოზომილი, იმერული სიტყვაკაზმულობით დაწერილია და ამ საქმეში აკას გემოვნება არ ღალატობს ხოლმე, ყოველთვის იცის სად არის ის ხაზი, რისი გადაბიჯებაც არ იქნება კარგი, როდესაც ასე წერ. ეს დიდი რომანია და ბევრი ამბები ხდება: სროლები იმერეთის ღამის ტყეებში (ეს სცენა რომანის დასასრულისკენ მაგრად მომეწონა, რაღაც ძალიან ქართულიც არის და თან არის რაიდულიც, ვესტერნული, ამერიკულიც ამაში), რაინდული ამბებიც აქაა, სიყვარულიც, ღალატი და პატივისცემაც და ნაირ-ნაირი ისეთი ამბების მოგონება ამ საქმეებს რომ სჭირდება. რაღაც ამბავში თანამედროვე ამბებიც არის. აი მაგალითად, მაგრად ვიხალისე ღიშპანოლას შესაჩვენებლად და დასაწვავ-გადასაბუგად რომ მიემართება მრევლი და პალიასტომელი ტყის მჭრელები ალესილი ცულებით; იმპერატორი, დირიჟაბლით რომ დადის, წოდებრიობას ებრძვის, თბილისს რომ ფოთს დაარქმევს და პირიქით. ხოდა იმას რომ შეეთქმებიან თავად-აზნაურობა ძველი წესი დავაბრუნოთ და მოკლედ როგორც გვეკადრებაო და სინამდვილეში რომ ერთი გაიძვერული ამბები უდევს ვითომ ამ წმინდა გიორგის წამოწყებულ ლაშქრობას. ასე რომ, "სიმძაფრე საქართველოის ძმრისა და იმისი ფშუტე სინამდვილობა" კარგად წერია აქ.
ერთია რომ, ამ რომანში აკას უნდა ყველა (ჩემი აზრით ბევრი და გრძლად) პერსონაჟის ისტორიის მოთხრობა. ამათგან ცალკე წიგნიც გამოდნებოდა. ზოგი ისტორია დაუმთავრებელი, უფრო სწორად, ბოლოში მოსხეპილად მოჭრილი მომეჩვენა. აი მაგალითად, დანიბეგისა და ეფეისი. მგონია რამოდენიმე სხვადასხვა იდეა ჰქონდა აკას, მერე ერთ რომანში ჩაწერა, ზოგი ნაწილები კი მაინც დარჩა ასე, თითქოს დაუმთავრებელი და მეტი რომ გინდა.
მოკლედ, ჯამში კარგი რომანია, ძალიან კარგი იუმორით დაწერილი და ამ "სიმძაფრემ საქართველოსი ძმრისა" ისედაც თუ არ დაგახვიათ თავბრუ, ამ ყველაფრის ისტორიულ ამბებსაც ხალისით წაიკითხავთ.