გრიგოლ რობაქიძის „კავკასიური ნოველები“ ორჯერ გამოიცა გერმანულ ენაზე – 1932 წელს გამომცემლობა „ინზელის“, ხოლო 1979 წელს – „ზურკამპის“ მიერ. კრებულს, რომელშიც სამი ნოველა იყო შესული, დიდი პოპულარობა ხვდა წილად.
ცნობილი მიზეზების გამო, ეს წიგნი მწერლის სამშობლოში არ დაუბეჭდავთ, მაგრამ ქართველ მკითხველს მაინც მიუწვდებოდა ხელი ემიგრანტულ ჟურნალ „ბედი ქართლისაში“ გამოქვეყნებულ ნოველებზე – „ენგადი“ და „იმამ შამილ“, რომელიც მოგვიანებით ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა და მკვლევართა, გამომცემელთა და, რაც მთავარია, მკითხველთა დიდი ინტერესი დაიმსახურა.
„წმინდა ხარის მოკვლა“ კი დღემდე უცნობი იყო და საგანგებოდ ითარგმნა გერმანულოვანი გამოცემის წინათქმასთან ერთად (გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ), რითაც სრულყოფილად წარმოჩნდება „კავკასიური ნოველები“ – გამორჩეული ფურცელი გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებიდან.
Grigol Robakidze [Georgian: გრიგოლ რობაქიძე] (October 28, 1882 – November 19, 1962) was a Georgian writer, publicist, and public figure primarily known for his exotic prose and anti-Soviet émigré activities.
ვისაც გველის პერანგი მოსწონს, მოთხრობების ეს კრებულიც აუცილებლად მოეწონება.
ადრეც დავწერე და ისევ განვმეორდები: ყოველთვის ვიცოდი, რომ გრიგოლ რობაქიძე ძალიან დიდი მწერალი იყო. ვიცოდი არა იმიტომ, რომ მისი ყველა ნაწარმოები წამიკითხავს ან კარგად ვიცნობ მის შემოქმედებას, არამედ იმიტომ, რომ ასე გვითხრეს სკოლაში, ასე გვეუბნებოდნენ ჩვენი მშობლები, ასეა მიღებული საზოგადოებაში და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რა მასშტაბების მქონე მწერალია სინამდვილეში რობაქიძე. მაგრამ რატომაა გრიგოლ რობაქიძე დიდი მწერალი? რა დაწერა მან? რას მიაღწია მან საქართველოს ფარგლებს გარეთ? რატომ იდევნებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ? ამას არავინ გვასწავლის სამწუხაროდ.
განსაკუთრებით საინტერესო მოთხრობა იყო "წმინდა ხარის მოკვლა". ამბავი სვანეთში ხდება, სადაც ერთ-ერთი თავადი სიმთვრალეში მოკლავს უშგულელების წმინდა ხარს. ხარს, რომელსაც ხუთი წლის მანძილზე არავინ ერჩის, ყველა უვლის და ყველა აჭმევს, რომ 5 წლის შემდეგ მსხვერპლად შესწირონ და ამ წმინდა ცხოველის ხორცი იგემოს თითეულმა. თემი დადგება დილემის წინაშე. ყველას სურს შურის ძიება, მაგრამ გარკვეული სვანური ადათებისა და წესების დარღვევას ვერავინ ბედავს. გამოსავალი პასუხისმგებლობის განაწილებაა და სწორედ ამ მომენტის გამოა ეს მოთხრობაც განსაკუთრებული. ძალიან კარად ჩანს სვანური ხასიათი, ბუნება, ქცევის წესები, დამოკიდებულებები.
დანარჩენი ორი მოთხრობაც "ენგადი" და "იმამ შამილი" ასევე ძალიან საინტერესოა. დასანანია, რომ მსგავსი მოთხრობები არ ისწავლება სკოლაში. ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ თუ კულტურულ თემებს ეხება და დარწმუნებული ვარ, ქართული ლიტერატურის წიგნებს დაამშვენებდა სასკოლო პროგრამაში. ყველას დაგვიწერია ალბათ ქართულის გაკვეთილებზე თემები. ეს ისეთი მოთხრობებია, რომელზეც თემის დაწერა არ დამეზარებოდა. მორალური დილემებია, რომელსაც თითოული ჩვენგანი თავისებურად აღიქვამს, სააზროვნო და სადისკურსიო თემებს შლის და, დარწმუნებული ვარ, ამ მოთხრობების განხილვა ერთ-ერთი საუკეთესო გაკვეთლი იქნებოდა.
განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს არტანუჯის გამომცემლობა, რომ არ დაიზარა, მოიძია, აღმოაჩინა და ქართულად თარგმნა და დაგვიბრუნა გრიგოლ რობაქიძის შემოქმედება, რომელიც თავის დროზე გერმანიაში გამოიცა გერმანულ ენაზე.
ვისაც არ წაგიკითხავთ, აუცილებლად გირჩევთ. ვინც ტრანსპორტში საკითხავ წიგნებს ეძებთ, ეს სწორედ ისაა: მოცულობით პატარაა, წიგნს ზომაც პატარა აქვს, ხალჩანთაში ჩაეტევა და არც მძიმე არაა.