ლექსების წიგნი - შენი სურათია, რომელიც სულაც არ ჰგავს პასპორტის ფოტოს, უხასიათო გიჟის ნახატივით რომ ამახვილებს და აძლიერებს ნაოჭს, მეჭეჭს, ცხვირის კეხს და ა.შ. კანის ფერი, თვალის სინათლე, თავის ტკივილი ფოტოზე არ ჩანს, მეტაფორა, რომლითაც შენი ვირტუალური ბიოგრაფია იწყება, მითუმეტეს. უცნაური დასაწყისი მქონდა. ჩემს მოპირდაპირე სახლში ხანძარი გაჩნდა. ყველა გადაარჩინეს, ერთი ქალის გარდა, რომელზეც თქვეს: ცეცხლი ჩაყლაპაო. რამდენიმე დღე და ღამე ვხედავდი უკუღმა ამოტრიალებულ ტანს, რომელშიც ალისფერი ორგანოები ყვაოდნენ. უძნელესი სიკვდილის სილამაზე. პარადოქსი, თუ ბავშვური ალღოთი რელიგიასთან შეხება? აი, ასეთი რამ, რაც გხიბლავს და რისიც გეშინია (ამბივალენტობა) არის, ალბათ, სათავე ლექსის. ამ ნიადაგზე ყალიბდება მისი ტანი და ხასიათი, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას _ არა, განსაკუთრებით, თუ პროპორციები გაუგიჟდა თუ ალოგიკურობით, ანუ საკუთარი, ერთი შეხედვით, ძნელად მისაგნები ლოგიკით დააბნია ადამიანი, ხოლო ვიღაც, სწორედ ამით მოხიბლა. ისე, შენ თვითონ უნდა იყო მოხიბლულიც, გაგიჟებულიც, კატეგორიულ სილოგიზმზე თავმიდებულიც და მისი ამრევიც, რომ სხვა აიყოლიო. ამას რამდენად ახერხებ, მკითხველმა უნდა განსაჯოს. მე კი ღმერთს ვთხოვ, ლექსის წერის უნარი დამიტოვოს სიკვდილამდე, რადგან, როგორც ერთგან მიწერია დედაჩემზე: მან არ იცოდა, თავიდან რომ ლურსმანს ამოვიღებ, მაშინვე მოვკვდები... ლია სტურუა.
ლია დაიბადა 1939 წლის 15 მაისს, თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ - ასპირანტურაში. 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - ,,ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში." მუშაობდა უნივერსიტეტში - კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში - უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წლიდან მუშაობს გ.ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად. პირველი წიგნი, ლექსების კრებული ,,ხეები ქალაქში", გამოსცა 1962 წელს. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული - ,,ბედნიერი სიჩუმე", ,,რძეში ჩავარდნილი ქვა" (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. 1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუასა და იუნა მორიცზე