სულ სხვა გრძნობებში და ემოციებში ურტყამს ვესოსი.
ერთგვარად ნორვეგიული წიგნია, მთელი მისი სიცივის გამო, რომელიც უჩუმრად, მაგრად მაინც გასდევს მთლიან ნაწარმოებს. მარტივად, რომ ვთქვა წიგნი მარტოობაზეა, სულიერ მარტოობაზე, და თან ისეთზე, რომლის აღწერაც არც ისე მარტივია.
წიგნის მთავარი გმირი დედაა, ჰილდე, რომელიც მიუხედავად ოჯახის გარშემო ყოფნისა, მარტოობას განიცდის. სწორედ ეს ქალია სიცივის წყაროც ამ გულწრფელ წიგნში და სწორედ ეს ქალი აქცევს ყველაზე თბილადაც მთელ რიგ მომენტებს.
„ჩვენ მარტონი ვართ“
წიგნის დიდი პლიუსი ბავშვური ენაა. ეგილ და მარგითის თვალით დანახული სამყარო, როგორ აღიქვამდნენ ისინი იმ მომენტებს, იმ პეიზაჟებს, რომლებსაც მხოლოდ მათი დედა ხედავდა და თვითონ ვერ, მათ შორის ვერც მათი მამა. და აი სწორედ ამდაგვარ მომენტებში წიგნს მაგიური რეალიზმი იპყრობდა. ისე ჩუმად, ისე უტიფრად და თან დაუმალავად ხდებოდა ეს ამბავი, რომ მაოცებდა კითხვის პროცესში.
„თქვენ არ გსურთ სიფხიზლე“
წიგნის პლიუსი ჩემთვის დათო აკრიანის თარგმანიცაა, რომელიც კიდევ უფრო განსხვავებულს ხდის, ამ განსხვავებულ ამბავს. მარგით, ეგილ, მაგნუს, ჰილდე და ლივინდ, ლივინდ, რომელიც ყველაზე ამოუცნობი გმირია იმის გამო რომ ჯერ კიდევ დედის მუცელშია და მაინც ერთ-ერთ ყველაზე დიდ როლს თამაშობს.
„კარგად გხედავთ“
სიუჟეტის დასაწყისში ვიგებთ, რომ მამა, მაგნუს, წიგნს წერს, რომელიც ადამიანობაზეა და ალბათ სწორი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ეს წიგნი ზუსტადაც რომ ადამიანურობაზეა, ძალიან, ძალიან დიდ ადამიანურობაზე.
„დედა ჩაფესვილივით რჩებოდა მათ არსებაში. იმყოფებოდა ყველაფერში, რაც ხდებოდა, ქოხს გარს ერტყმოდა, როცა დანარჩენები შიგნით იყვნენ. იმ სიბნელეშიც იყო, ფანჯრიდან რომ შემოდიოდა დაღამებისას, ძილშიც, რომელიც სწრაფად მიაქანებდა დაღლილებს და რომელშიც დედა ვარსკვლავივით ციმციმებდა. დილაობით, როცა ეღვიძებოდათ შემცივნებულ-დაბუჟებულებს, სამივენი ხედავდნენ დედას თავიანთ ხილვაში. მერე თბებოდნენ, რაიმე ცხელ სითხეს სვამდნენ და პურს აყოლებდნენ.
დღეს თუ მოაკითხავდა?
ხსენებით არასდროს ახსენდებდნენ. არცერთმა არ იცოდა, როგორ ეხსენებინა.
ის არასდროს მოდის. „სრულებით მარტო ვარ უკიდეგანო ველზე“, ასე თქვა.
„არა, თქვენ თვითონ ხართ მარტონი“, აი რა თქვა.“