ცხოვრობს თბილისში ერთი წყნარი, კთილშოილი ადამიანი, ბატონი თამაზ ხმელიძე, რომელიც 40 წელზე მეტია კეთილსინდისიერად ემსახურება სტუდენტების აღზრდას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროფესორი, პედაგოგი, მეცნიერი, მეგობარი, განათლებული და უბრალოდ კარგი კაცი. გამოცემული აქვს თხუტმეტამდე სახელმძღვანელო და უამრავი სტატია სამშენებლო დარგში. თამაზ ხმელიძე – ქართული და მსოფლიო პოეზიის უბადლო მცოდნე, არაჩვეულებრივი პიროვნებაა სუფრასთან და მეგობრების წრეში, სადაც წაკითხულ ლექსებს სულგანაბული უსმენს ყველა იქ მყოფი ახალგაზრდა თუ ჭარმაგი ადამიანი. იგი დაჯილდოებულია სტუდენტებთან მეგობრობის უიშვიათესი ნიჭით. არის სპორტის თავგადადებული გულშემატკივარი. ამჟამად ბატონი თამაზი, ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ხელმძღვანელობს ქართული "სამშენებლო ენციკლოპედიის" სარედაქციო კოლეგიას და არის მისი შექმნის ინიციატორი. მისი ლექსების უმეტესი ნაწილი ჩაძირულია სიყვარულის წყალსაცავში, რომლის ნაპირები საქართველო და ის ზღაპრული ყოველდღიურობაა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ჩვენთვის, მისი მეგობრებისათვის, მასთან გატარებული ყოველი შეხვედრა, ყოველი დღე, ყოველი საათი თუ წუთი, მომნიჭებელია იმ უდიდესი სიამოვნებისა, რომლისთვისაც ვარსებობთ ამ ქვეყნად. ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო თამაზ. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს თქვენს ულამაზეს ოჯახთან ერთად.
მარინა მოდებაძე, მარიკა სანოძე, გინა გურეშიძე, ალექსანდრე გუგუციძე, ტარიელ კვიციანი, ომარი კოტრიკაძე, ზურაბი კორძახია, მერაბი თანდილაშვილი, ჯემალი ბერიძე, გივი გოგოლაშვილი
ქართველი მშენებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სრული პროფესორი, აკადემიური დოქტორი, სამშენებლო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, "სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონის" სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. დაიბადა 1947 წლის 29 ივლისს ქ. ქუთაისში. 1965 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლა. 1970 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1971 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ექსპერიმენტალური დაპროექტების (თბილზნიიეპი) ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1972 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ, ადრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი) სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე – ლაბორანტად, ლაბორატორიის გამგედ, ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად და 2008 წლიდან დღემდე სრულ პროფესორად.