ქართული ემიგრაციის ისტორია XIX საუკუნის შუაწლებიდან იწყება. ქართველთა დიდი ნაწილი, ევროპის სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების მსგავსად, ატლანტის ოკეანის გადაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა. ვინ იყო პირველი ქართველი ემიგრანტი, დანამდვილებით არავინ იცის. ასევე შეუძლებელია, ყველა იმ ქართველის ვინაობის დადგენა, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა და თავისი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. უცხოეთში გადახვეწილ ქართველთა უმრავლესობა, არისტოკრატი თუ გლეხი, გაჭირვებას განიცდიდა; ბევრმა ცხოვრება რესტორნის მიმტანად, მომვლელად და ტაქსის მძღოლად დაასრულა, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც მოახერხა და ცხოვრება აიწყო – ზოგი იმის ხარჯზე, რომ მდიდარ და გავლენიან ქალბატონებზე დაქორწინდა და მათი სიმდიდრის წყალობით შეძლო ფუფუნებაში ეცხოვრა; უმრავლესობამ კი საკუთარი ნიჭის მეოხებით ნულიდან დაიწყო ცხოვრება და ახალ სამშობლოს დიდი ამაგი დასდო. ასეა თუ ისე, მრავალი ქართველისთვის ამერიკის შეერთებული შტატები მეორე სამშობლოდ იქცა, სადაც ბევრმა შეძლო განეხორციელებინა „ამერიკული ოცნება“ და გამხდარიყო ქვეყნის სამაგალითო და სახელოვანი მოქალაქე. ქართველები მადლიერნი იყვნენ და არიან ქვეყნისა, რომელმაც გაჭირვების ჟამს დახმარების ხელი გაუწოდა და შეიფარა. მაგრამ ვალში არც თავად დარჩენილან – უამრავმა ამერიკელმა ქართველმა დიდი ღვაწლი დასდო ამერიკას. ასევე მრავალი სახელოვანი ქართველი ამერიკაში დაიბადა. ილუსტრირებული გამოცემა.
ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია და სამწუხაროა, რომ უყურადღებოდაა დატოვებული. განა ვიცნობთ ქართველებს ამერიკაში? დიახ, შეიძლება გვსმენია ჯორჯ ბალანჩინის, ალექსანდრე ქართველის, კოლია ქვარიანის, გიორგი პაპაშვილის ან სხვათა შესახებ, მაგრამ აქ წარმოდგენილი ბიოგრაფიები, ფოტოები ბევრს სიახლეს ინახავს, ბევრსაც კარგად ნაცნობ ამბავს (მაგალითად გურული მოჯირითეების ან შემოქმედელ დუმბაძეთა წარმომადგენელი ვასილ დუმბაძის ისტორიას, რომელიც ოჯახიდანაც მსმენია)... ყველაფერ იმას, რისი ცოდნაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ახლა არ დაწყებულა და ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკური მოცემულობა.
ცუდია, რომ ასეთ მაგარ წიგნებს ყოველთვის ძაან შემთხვევით ვპოულობ ხოლმე! შთამბეჭდავი ისტორიები ამერიკაში მოღვაწე ქართველებზე და უდიდესი მნიშვნელობის ადამიანებზე, რომლებზეც, რატომღაც, ყველა დუმს. შანსი არაა, ვინმეს მობეზრდეს ამის კითხვა!!! ირაკლი მახარაძე კიდევ საღვთო საქმეს აკეთებს მთელი თავისი დოკუმენტური პროზით ❤️