კრებულში თარგმნილი და განხილულია ევროპაში ფაშიზმისა და ნაციზმის ზეობის ხანაში სხვადასხვა დარგში მოღვაწე და განსხვავებული შეხედულებების მქონე ინტელექტუალთა ტექსტები, რომლებიც ფართო თეორიულ ჭრილში იაზრებენ ფაშისტური სულისკვეთების არსს, მის აფექტურ, ლოგიკურ თუ პოლიტიკურ აგებულებას. წარმოდგენილ ავტორთა მცირე ნაწილი ( ერნსტ იუნგერი და ჯოვანი ჯენტილე) თავად ფაშიზმის დოქტრინის დაფუძნებას ცდილობს, დანარჩენთა ნაშრომები კი ( ვალტერ ბენიამინი, ემანუელ ლევინასი, ჟორჟ ბატაი და პაულ ტილიხი) ფაშიზმის, როგორც სოციალურ-პოლიტიკური და ლიტერატურულ-ფილოსოფიური მოვლენის, კრიტიკაა წარმოდგენილი.
1.ემანუელ ლევინასის "რამდენიმე განაზრება ჰიტლერიზმის ფილოსოფიის შესახებ" - ლუკა ნახუცრიშვილი 2.სოციალისტური გადაწყვეტილება - პაულ ტილიხი 3.ტოტალური მობილიზაცია - ერნსტ იუნგერი 4.გერმანული ფაშიზმის თეორიები - ვალტერ ბენიამინი 5.ფაშიზმის დოქტრინა - ჯოვანი ჯენტილე 6.ფაშიზმის ფსიქოლოგიური სტრუქტურა - ჟორჟ ბატაი 7.ფაშიზმი და "ერთობის" ძალა - გიორგი მაისურაძე
ძალიან კარგი კრებულია. მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს არა მხოლოდ ფაშიზმის კრიტიკას, არამედ მისი დაფუძნების მცდელობებსაც ( ერნსტ იუნგერი - გერმანული ნაციონალ სოციალიზმისა და ომის, მეომრის რომანტიკას აფუძნებს, ხოლო ჯოვანი ჯენტილე იტალიური ფაშიზმისა). განსაკუთრებით აღსანიშნავია ტილიხის ნაშრომი,სადაც ისეთი სიღრმითაა განხილული ფაშიზმის ფსევდომითოსური, ეკონომიკური თუ სოციალური საფუძვლები, რომ ცხადი ხდება, ფაშიზმი არსად წასულა. ჩვენ ვიცნობთ ქართულ ორთოდოქსულ ფაშიზმს, რელიგიისა და ფსევდომითოსის სახიფათო ნაზავს, სადაც "თვისობრივი" ქართველობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობრივი. ერთი სიტყვით, საკითხით დაინტერესებული პირებისათვის სასურველი წიგნია.