ეს წიგნი სერგო ფარაჯანოვის მითიური საბურველით მოცული პიროვნებისა და შემოქმედის მთლიანობაში აღქმის, თავად ფარაჯანოვის, როგორც ხელოვნების ნაწარმოების გამოკვეთის წარმატებული მცდელობაა და ფარაჯანოვის ბიოგრაფიის გარდა, მოიცავს ოთხი ფილმის – “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილების”, “საიათნოვას”, “ამბავი სურამის ციხისას” და “აშუღ-ყარიბის” – სტილისტურ ანალიზს. ეს ის ფილმებია, რომლებშიც რეჟისორი არა მარტო ორიგინალურ და უნიკალურ ხელწერას ავლენს, არამედ თავად კინოს გაგებას ცვლის.
სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ სანამ ფარაჯანოვის ფილმებს ვნახავდი, მანამდე ეს წიგნი წავიკითხე და მნიშვნელოვან გარემოებებს წინასწარ გავეცანი, რაც მეტ-ნაკლებად დამეხმარა, რომ შემდეგ ფარაჯანოვის წარმოუდგენლად უჩვეულო სამყარო უკეთესად გამეცნო.
როგორც ფილმების ნახვამდე ვეჭვობდი, აღმოჩნდა, რომ ეს არ არის ის კინო, რომელიც მე მიყვარს, თუმცა, ამის მიუხედავადაც, შეუძლებელია, ფარაჯანოვის საოცარმა იუმორმა, ტრაგედიის განცდამ და სილამაზის შეგრძნებამ არ აღგაფრთოვანოს. მისი პიროვნება და ცხოვრების დეტალები კიდევ უფრო საინტერესო და მომნუსხველია, რის გაგებაშიც სწორედ ეს წიგნი დაეხმარება ნებისმიერ მკითხველს.
უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ რა გავიგე როგორც ამ წიგნიდან, ისე ფილმებიდან, შეგიძლიათ ნახოთ ამ სტატიაში: http://go.on.ge/1u97
ფარაჯანოვის ცხოვრება ისეთივე შემოქმედებითია, როგორი ცოცხალიც მისი შემოქმედებაა.
პირველად რომ ვნახე მისი ფილმები, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად შევკრავდი მასალას თბილისურ კულტურულ ანტიკვარიატზე, გარე სამყაროსთან მაქსიმალურად დაკავშირებულ, გახსნილ, ინტიმურ სახე-ხატებებსა და მითოლოგიურ წიაღსვლებზე.
ფარაჯანოვი არის რეჟისორი, რომლის არაკონფორმისტულობაც რეალიზდებოდა უჩვეულო ტექნიკებით, რაც ამ კაცს საშუალებას აძლევდა არა მხოლოდ აღმატებულიყო სხვათა შემოქმედებაზე, არამედ უდიდესი თავსატეხი გაეჩინა საბჭოური სოციალური რეალიზმის უმთავრესი მოწოდებების განხორციელების მსურველთათვის.
ფარაჯანოვის მსგავსი ხელოვანი ცოტაა - და ყველა მათგანს აერთიანებს ერთგვარი განყენებულობა მაყურებლების ცნობიერებისგან ისე, რომ გავლება უნდა იყოს მხოლოდ ქვეცნობიერი, სიმბოლური ტრანზიცია და არა უშუალოდ მატერიალიზებული რაციონალიზმი - ეს არის, მეგობრებო, შეუდარებელი პოეტიკა, შეუდარებელი კათარზისი.
მინდა, ჩემი ცხოვრება ჰგავდეს ფარაჯანოვის ჯადოსნურობას. ბევრს ხომ არ ვითხოვ?