წიგნი ეძღვნება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავს და მასში შესულია 180 ამბავი ილიას ცხოვრებიდან. ცნობები ამოკრებილია ილია ჭავჭავაძის შესახებ არსებული მემუარული ტექსტებიდან. მოგონებათა ავტორები (კოტე აბხაზი, იაკობ მანსვეტაშვილი, არტურ ლაისტი, იონა მეუნარგია, ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვ.), ამბის თვითმხილველნი თუ მონაწილენი, ილიას პიროვნებას წარმოაჩენენ სხვადასხვა რაკურსითა და სხვადასხვა ვითარებაში. მოგონებები დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით – ილია ჭავჭავაძის ბავშვობიდან დაკრძალვამდე და კიდევ რამდენიმე ამბავი, რომლებშიც ჩანს დიდი მოღვაწის მიერ თანამედროვეთა ხსოვნაში დატოვებული კვალი. შეადგინა თამაზ ჯოლოგუამ.
ხომ გვგონია, რომ ილიაზე ყველაფერი ვიცით და ახალს ვერაფერს გავიგებთ. ამ სერიის დანიშნულება ზუსტად ის არის, რომ მიგვახვედროს - თანამედროვეთა მიერ მოთხრობილი ნამდვილი ამბები გვაცნობენ ადამიანებს და არა სახელმძღვანელოებიდან გაზუთხული შაბლონები. ადამიანური ისტორიებით შევიცნობთ ჭეშმარიტ ილიას - თავისი ყოველდღიური ყოფით, სისუსტეებით და იმ ღვაწლით, იმ ხედვით, რასაც დღემდე ვერ ვიაზრებთ ბოლომდე. ის ხელშეუხებელი წმინდანი (რატომღაც ყველა წმინდანს ასე აღვიქვამთ და გვავიწყდება, რომ ისინიც ადამიანებად მოევლინენ ქვეყანას) ან მხოლოდ მწერალი კი არა, უდიდესი მნიშვნელობის საზოგადო მოღვაწეა.
წიგნი ძალიან კარგად არის დალაგებული. მომეწონა ის ყოველდღიური ამბები ილიაზე, რომელსაც ასე მოკლედ მარტივად სხვაგან ვერ ნახავ. იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს დრო და შესაძლებლობა ასეთ მნიშვნელოვან პიროვნებებზე უფრო მეტი რამ გაიგოს სხვადასხვა წყაროებიდან, არქივებიდან და მემუარულური ნაწარმოებებიდან, ძალიან კარგი გამოცემაა და მადლობელი ვარ. 4 ვარსკვლავით შევაფასებ მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მეტ მოგონებებს ვისურვებდი ილიას მკვლელობასთან დაკავშირებით. დამრჩა დანაკლისის შეგრძნება, რადგან არ მეყო გენიოსი კაცის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ ინფორმაცია…