პუტინის რუსეთის მეტ-ნაკლებად გასაცნობად შესაფერისი წიგნი იყო, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების წარმოდგენის პროცესში ძალიან კარგად ანახვებს მკითხველს რეალურად თანამედროვე საბჭოთა სახელმწიფოს მთლიან სურათს. განსაკუთრებით მომეწონა ინსტიტუციების აღწერის, თემატური მიმართულებების მიხედვით წიგნის თავებად დაყოფა და ამ თავებში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის აღწერა როგორც უშუალო რეალობის, ისე სამეცნიერო ნაშრომების ანალიზის გზით. საბოლოოდ, ეს წიგნი არ გაძლევს უშუალო კრიტერიუმებს, თუ რატომ "ირჩევენ" რუსები პუტინს, არამედ გაჩვენებს, კრემლის მიერ შექმნილი თუ მოდიფიცირებული რამდენად ბევრი ჭანჭიკი მუშაობს რუს მოსახლეობაში პოლიტიკური ინდიფერენტულობისა თუ პუტინის მხურვალე მხარდაჭერის განცდის დასანერგად, რაც შემდეგ უკვე ბუნებრივად განაპირობებს პუტინის პოპულარობას. გარდა ამისა, ამ წიგნში გადმოცემული ინფორმაცია საკმარისი და მეტიცაა არარუს მოქალაქეებში პრორუსული განწყობების ჩასახშობად :) ასეთი ლიტერატურის პოპულარიზება უპირატესად უნდა ხდებოდეს ჩვენნაირ პატარა ქვეყნებში, სადაც ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტი და საქართველოს მტერია, მაგრამ არ გვაქვს ინფორმაცია, ოკუპაციის გარდა, რა სახის და ფორმის ბოროტებას მოიცავს ეს სახელმწიფო და მარტივად რომ ვთქვა, რას შეიძლება ველოდოთ. გარდა ამისა, თანამედროვე რუსეთის "გაკვეთილების" სწავლა არც ჩვენთვისაა ზედმეტი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხუთი ვარსკვლავი ჩემგან. Highly recommended.