იშვიათად ხდება, რომ წიგნის ასე სწრაფად წაკითხვა გინდება. იმდენად ჩართული ვკითხულობდი, რომ დროის გასვლა ვერც კი შევამჩნიე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თრილერია, რაც წამიკითხავს. ფილმის კარგი მასალაა.
წიგნის ჩამთავრების შემდეგ რატომღაც არა ქართული, არამედ ინგლისური სიტყვა ამომიტივტივდა თავისთავად გონებაში - „Impressive“. ქართველი ავტორებისაგან მსგავსი წიგნებით განებივრებულები არ ვართ.
ავტორი მოგვითხრობს ახალგაზრდა, დამოუკიდებელ, წარმატებულ მწერალ ქალზე - ანა ნაკაშიძეზე, რომელიც ერთ ჩვეულებრივ დღეს სკვერში ყოფნისას მეხსიერებას კარგავს. არ ახსოვს, ვინ არის, რა ჰქვია, სად ცხოვრობს, რას წამოადგენს, ვისი მეუღლეა, ვისი შვილია, რა ცხოვრება გამოიარა... მაგრამ ახსოვს სხვა ყველაფერი. მას საკუთარი პირადი ისტორია დაავიწყდა. გამოკვლევებით დგინდება, რომ მას ტვინზე დაზიანება არ აღენიშნება და ასკვნიან, რომ მისი ამნეზია ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმითაა გამოწვეული. ტრავმის გამომწვევი მიზეზის ძიების პროცესში ზედაპირზე ამოსული ფაქტები გამოძიებასა და მკურნალობის პროცესს თავდაყირა აყენებს. ჩნდება უამრავი ეჭვი, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, იბადება შეთქმულების თეორიები, პარალელები ივლება ბილი მილიგანთან... და ყველასთვის მოულოდნელად ანა ანაკშიზე უჩინარდება..
ანას ბრძოლა იმდენად რეზონანსულია, რომ გამოძიებაში ფრანგული ჟანდარმერია და ბრიტანული სკოტლენდ იარდიც ერთვებიან, მთავარი პერსონაჟის ამბავს მსოფლიო პრესა აშუქებს.
წიგნის შემდგომი განვითარება ბევრ ისეთ პრობლემას ეხება, რომელიც მეტნაკლებად ყველას გვაწუხებს, თუმცა საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის უმრავლესობამ მიივიწყა, არაპრიორიტეტულად მიიჩნია, თაროზე შემოდო.. ანა ნაკაშიძის პერსონაჟის საშუალებით ავტორმა კიდევ ერთხელ შეგვაჯანჯღარა, შეგვარყია და ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე გვიჩვენა მიმართულება. დაგვანახა, რომ სიმართლისთვის ბრძოლა აუცილებელია ნებისმიერი ხერხებით და ეს ბრძოლა მოსაგებია.
ასეთი მებრძოლი, გამბედავი, დამოუკიდებელი, ძლიერი ქალები წამალივით ჭირდება დღეს ქართულ პატრიარქალურ საზოგადოებას, კარგი ინსპირაციაა.
წიგნში განსაკუთრებით მომეწონა 2 მონაკვეთი: იგავი მდიდარ და ღარიბ კაცზე და ფსიქიატრი მარკ ლოგბტომის მონოლოგი თავისუფლების შესახებ. წიგნის დასასრულს ბოლო წინადადება კი უბრალოდ მშვენიერი და ეფექტურია. ყველას გირჩევთ, რომ წაიკითხოთ.
პ.ს.
ეს წიგნი რომ სადმე უცხოეთში გამოცემულიყო, დიდი ალბათობით ბესტსელერი გახდებოდა. და რა ხდება აქ? სრულიად შემთხვევით წავაწყდი ძალიან დიდი ფასდაკლებით წიგნების ფესტივალზე. გამომცემლობას რამდენად ჰქონდა დადებული ფსონი ამ წიგნზე გარეკანზევე ჩანს, იშვიათად უგემოვნო და არაფრისმთქმელი ყდის დიზაინი (სირცხვილი სულაკაურის გამომცემლობას). დიზაინი, რომელიც არ მიიქცევს ყურადღებას, არ მოგანდომებს წიგნის ყიდვას, არ გამოარჩევს მასისგან. დიზაინერმა ალბათ 2-3 წუთი დახარჯა და ვალი მოიხადა. ტეხავს.. ეს წიგნი, ჩემი აზრით, მეტს იმსახურებდა.
პ.პ.ს.
რამდენიმე მკითხველის მიმოხილვა წავიკითხე სხვადასხვა საიტზე და რამდენიმე შეფასება ძალიან არ მომეწონა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც წიგნს რეიტინგს აკლებენ თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო - საუბრობენ რა მთავარ პერსონაჟსა და ავტორს შორის პარალელებზე. თითქოს ავტორი ვერ მიჯნავს პერსონაჟებს საკუთარი თავისაგან. ნეიტრალური მკითხველისთვის, რომელიც ავტორს საერთოდ არ იცნობს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ავტორი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს თუ არა მთავარ პერსონაჟთან. მთავარი ისაა, რომ წიგნი კარგია. ჩვენ წიგნის რეიტინგის დაწერისას ვაფასებთ წიგნს და არა ავტორის დისტანციას პერსონაჟთან მიმართებაში. ამ ზღვრის დარღვევა არაობიექტური შეფასების ტოლფასია.
წიგნი მცირედი ფასდკალებით შეგიძლიათ შეიძინოთ bookmark.ge-ზე !